Site icon Civil.ge

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 14 სექტემბერს, თვითმართველობის არჩევნებამდე, დაახლოებით, 2 კვირით ადრე, სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2-22 აგვისტოს პერიოდში გამოქვეყნებულ 1 126 საჯარო პოსტს აანალიზებს.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტების კამპანიის ფარგლებში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 263 ოფიციალური ორგანიზაციული Facebook გვერდი იყო აქტიური. ამას გარდა, აქტიური იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის გვერდი, მათ შორის ქართული ოცნების კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილი „სინამდვილეში“, რომლის მიზანიც პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების გადამოწმებაა.

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური რეკლამების რაოდენობით მმართველი პარტია ლიდერობს, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 892 რეკლამა განათავსა. მას „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ მოჰყვება (155), ხოლო მესამე ადგილს ნაციონალური მოძრაობა (93) იკავებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებდა 20 გვერდი და დისკრედიტაციული გვერდების მთავარ სამიზნეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენდნენ. ეს უკანასკნელი სექსისტური თავდასხმის სამიზნეც გახდა, აცხადებს ორგანიზაცია.

ანგარიშის თანახმად, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი მოქმედებდა. ოპოზიცური პოლიტიკურ პარტიებს შორის გვერდების მთავარ სამიზნეს ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა.  ოპოზიციური პარტიების ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც სექსისტური გზავნილები გამოიკვეთა, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდების უმრავლესობაზე არ ქვეყნდებოდა პარტიის აღმნიშვნელი მასალა, მაგრამ „აქტიურად ზიარდებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ვიზიტები“. „ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების ნაწილი მოქმედი თანამდებობის პირები არიან. შესაბამისად, მათი აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფეისბუქგვერდებზე შუქდებოდა, რაც სხვა კანდიდატებთან შედარებით, მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქგვერდმა და ქართული ოცნების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა გვერდმა ერთდროულად გამოაქვეყნა საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის და მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიასთან დაკავშირებულ ვიდეომასალა.

ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა 52 საჯარო მოხელე 29 მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში, სამუშაო საათებში ჯამში, 118 სააგიტაციო პოსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოსტების უმრავლესობა ქართული ოცნების სასარგებლოდ გამოქვეყნდა.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში 12 ცრუ მედიის გვერდი მოქმედებდა და მათი უმეტესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. ამას გარდა, ერთი გვერდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ერთი კი ნაციონალურ მოძრაობას ემხრობოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)