Site icon Civil.ge

ჟურნალისტები ფარულ ჩანაწერებში სასულიერი პირებთან საუბრებს ადასტურებენ

უსაფრთოხების კამერა. ფოტო: Siarhei Horbach / Unsplash

რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ გუშინ ანონიმურად გავრცელებული ფარული ჩანაწერები ნამდვილად შეიცავს სასულიერო პირებთან მათი ჩანაწერების მონაკვეთებს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თოქ-შოუს წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დაწერა „ფეისბუქზე“ 13 სექტემბერს, რომ ფარული ჩანაწერები შეიცავს მის ორი წლის წინანდელ საუბარს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან, რომელიც, კვესიტაძის თქმით, მას „მთვრალი“ ურეკავდა ხოლმე და საპატრიარქოს შიდა ამბებს უყვებოდა.

„რასაც ფბ ინბოქსში ვწერთ მეგობრებო, ყველაფერი სუსმა იცის“, – დაწერა კვესიტაძემ სხვა პოსტში და აღნიშნა, რომ ფაილებში ნახსენებია მისი მიმოწერა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესთან, სადაც ის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შესახებ საუბრობს, ასევე ის, თუ როგორ მიულოცა მას ეპისკოპოსმა მელქისედეკმა დაბადების დღე.

ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ დაადასტურა, რომ დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას მისი საუბრების შესახებ, მათ შორის ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან.

„არის შემთხვევები, როდესაც [სუს-ის აგენტები] დილითვე იგებდნენ ჟურნალისტი იმ დღეს რა თემაზე მუშაობდა“, – განაცხადა მელაძემ და დასძინა, რომ ვიდრე რეპორტაჟი ეთერში გავიდოდა, მანამდე მზადდებოდა ოპერატიული ცნობა მომავალი სიუჟეტის შესახებ.

„ტაბულას“ რედაქტორმა ლევან სუთიძემ ასევე დაადასტურა, რომ ფაილების ნაწილში რამდენჯერმე მისი სახელი იძებნება, მათ შორის, „აღწერილია საუბარი ჩემს ერთ-ერთ ახლობელთან, საქართველოს ეკლესიაში“. მისივე თქმით, არის ცნობა ერთ სასულიერო პირზე, რომელიც „მათი აზრით, ცნობებს მაწვდის სოციალური ქსელის მეშვეობით – აქაც, ტელეფონზეც განგვიხილია ეს და დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩეტი გატეხეს“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ნინო ვარძელაშვილმა დაადასტურა, რომ ფაილები დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან 2021 წლის თებერვალში გამართული სატელეფონო საუბრის ზუსტ ჩანაწერსაც შეიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)