Site icon Civil.ge

ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში

უსაფრთოხების კამერა. ფოტო: Siarhei Horbach / Unsplash

ქართული მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ორი დღის წინ გავრცელებული სავარაუდო ფარული ჩანაწერები ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე სხვა დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრების დეტალებსაც შეიცავს.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს განაცხადა, რომ ერთ-ერთ ფაილში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან, სადაც ის 2020 წლის 9 ოქტომბერს დიპლომატების სასულიერო პირებთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს, ასევე მისი საუბარი ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავენ პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას და საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ასევე გაშიფრულია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თანაშემწის საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, რომლებიც სასულიერო პირებთან იგივე, 9 ოქტომბრის შეხვედრას განიხილავენ.

„ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე“, – ნათქვამია ამ ჩანაწერში.

ტელეკომპანია „მთავარი არხმა“ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები შეიცავს აშშ-ს საელჩოში განხორციელებულ შიდა საუბრებსაც, მათ შორის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერ კეტრინ შვაიცერის საუბარს პოლიტიკურ საქმეთა ოფიცერთან აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოს გადაღებაზე. ამავე ინფორმაციით, კეტრინ შვაიცერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ვიდეოში სასულიერო პირსაც მიეღო მონაწილეობა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ფარული ჩანაწერები ასევე შეიცავს ისრაელის ელჩის რან გიდორის საუბრის დეტალებს დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან, რომელიც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა.

მედიის ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ასევე გაშიფრულია ესტონეთის და გერმანიის საელჩოების წარმომადგენელთა საუბრებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) მიერ მიყურადების დეტალების ამსახველი, დაახლოებით, 3 000 დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატების და საჯარო მოხელეების საუბრებს.

რამდენიმე ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იყო შეტანილი.

საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე, თუმცა ზოგიერთებმა, მათ შორის სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)