სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ პირველ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 17 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს საპატრიარქომ მედია გაჟონილი დოკუმენტების შინაარსის გავრცელების გამო გააკრიტიკა.
ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტ სივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატების და საჯარო მოხელეების საუბრებს.
საპატრიარქომ განაცხადა, რომ „იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებენ გარკვეული ძალები“, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი. „ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას“, – აღნიშნა საპატრიარქომ.
ამასთან, საპატრიარქოს თქმით, „სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები“.
- საია „ტოტალური კონტროლის“ შესახებ საუბრობს
- ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ჩანაწერებში
- საპატრიარქოს პრესსპიკერი სავარაუდო ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება
საპატრიარქომ ასევე განაცხადა, რომ „ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები… სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება“.
აღნიშნა რა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება დასჯადია, საპატრიარქომ განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას“.
ეს არის, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა, დასძინა საპატრიარქომ და მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა, ვინაიდან „ეს, უპირველესყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა“.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებაზე საუბრობს
- პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)