Site icon Civil.ge

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მედიაციის პროცესს ტოვებს

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 25 მაისი, 2021, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, 16 სექტემბერს განაცხადა, რომ პროექტის ოპონენტებსა და საქართველოს მთავრობას შორის ევროპის ენერგოთანამეგობრობის სამდივნოს ხელმძღვანელობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ტოვებს.

მოძრაობამ, რომელიც პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე 300-დღიან პროტესტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მედიაციის წინაპირობების შეუსრულებლობა, ასევე „მთლიანობაში მიკერძოებულად, უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ წარმართული პროცესი“ შეუძლებელს ხდის პროცესში რიონის ხეობის მოძრაობის შემდგომ მონაწილეობას.

„მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული“, – განაცხადა მოძრაობამ.

მისივე თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, მედიაციის მხარეები ვერ შეთანხმდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის შერჩევასთან დაკავშირებით, რა დროსაც მოძრაობა ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის ჩართვას ითხოვდა.

ამ კონტექსტში, მოძრაობამ ჰესის ლობისტი, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც ოპონენტების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მონაწილეობდა მედიაციის პირველ შეხვედრაში, იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია „რუსული რბილი ძალის“ ხაზის გატარებაში დაადანაშაულა.

მოძრაობამ ასევე აღნიშნა, რომ მათი უნდობლობა პროცესის მიმართ სამთავრობო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებამაც გამოიწვია და რომ ექვსწევრიანმა სამთავრობო ჯგუფმა, რომელსაც ასევე წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები – დავით თვალაბეიშვილი და ნინო თანდილაშვილი, ვერ აიღეს პასუხისმგებლობა მედიაციის რიგ საკითხზე.

შეუსრულებელი წინაპირობები

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ასევე განაცხადეს, რომ მედიაციის პროცესში ჩასართავად მათ მიერ წამოყენებული სამი წინაპირობა – პროტესტის მონაწილეთა დევნის შეწყვეტა და ხეობაში მათი თავისუფალი გადაადგილების აღდგენა, თავდაპირველ ადგილზე პროტესტის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა და ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შეჩერება – სრულად არ შესრულებულა.

მათი თქმით, ხელისუფლება შეეცადა, რომ მედიაციის პროცესი ჯერ მოძრაობის დასასუსტებლად, შემდეგ კი – მის დასაშლელად გამოეყენებინა. „ერთადერთი რაც ფორმალურად შესრულდა, ეს იყო ლითონის ბარიკადების დემონტაჟი, არსებითად კი – არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნეს მათ.

რაც შეეხება თავად პროტესტის საკითხს, მოძრაობამ განაცხადა, რომ მათ შესთავაზეს, შეერჩიათ ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზე დარჩენილი მიწის 13 ნაკვეთიდან ერთ-ერთი, საიდანაც თორმეტი ნაკვეთი ან ძალიან დაცილებული იყო პროტესტის პირვანდელ ადგილს, ან იმდენად ციცაბო ფერდები, რომ შეუფერებელი იყო პროტესტისთვის. მე-13 ნაკვეთი, რომელიც ახლოს იყო იმ თავდაპირველ საპროტესტო ადგილთან, საიდანაც პოლიციამ ისინი გაზაფხულზე გამოაძევა, მათ მხოლოდ ოთხი ან ექვსი თვით შესთავაზეს პროტესტისთვის გამოსაყენებლად, რაზეც მოძრაობამ უარი განაცხადა იქიდანაც გაძევების შიშით, თუ ის არ გადაეცემოდა მოძრაობას საკუთრებაში ან იჯარით.

რაც შეეხება აქტივისტების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტას, განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია, ორი აქტივისტი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, „ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“.

„კომპანია „ენკა“, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მედიაციის იდეას უგულებელყოფს და აგრძელებს დამოუკიდებელ მოქმედებებს“, – განაცხადა მოძრაობამ. „მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესი, თითქმის სამი თვეა, ხეობაში ყველა სამშენებლო მოედანზე შეწყვეტილია და ტექნიკაც გაყვანილია, კომპანიის ოფიციალური განცხადებებით, მუშა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“. მოძრაობა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, სამუშაოები ნებისმიერ დროს განახლდეს.

ნამახვანჰესის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)