აზიის განვითარების ბანკმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა.
სესხის მიზანია მხარი დაუჭიროს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ მთავრობის ძალისმევას „ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით“.
სესხი ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ნაწილია, რომელიც დაეხმარება ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.
საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობამ სამი კვირის წინ უარი თქვა, ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის „ძალიან ხელსაყრელი პირობებით“ გამოყოფილ სესხზე და მიზეზად „პოლიტიკური ინსინიუაციების თავიდან აცილების მიზნით, საგარეო ვალის შემცირება“ დაასახელა.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხი კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ „საქართველომ [ისედაც] ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)