ტელეკომპანია „ფორმულამ“, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გამოჟონილი ფაილებიდან რამდენიმე ჩანაწერი გაავრცელა, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მთავრობას შორის სავარაუდო მჭიდრო კავშირების თაობაზე დეტალებს შეიცავს.
ფაილებში ნათქვამია, რომ ზოგიერთ სასულიერო პირს მიაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქის მესაყდრედ 2017 წელს საეკლესიო კანონიკის დარღვევით, ასევე რუსული ეკლესიისა და პოლიტიკური ელიტის ზეწოლით დანიშნა.
ამავე ინფორმაციით, პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო, რამაც წმინდა სინოდის წევრთა განცვიფრება გამოიწვია. კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირები ეჭვობენ, რომ შიო მუჯირის დანიშვნა ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერესებშიც შედიოდა, რომელიც მუჯირის მეგობარია.
ფარული ჩანაწერები პატრიარქის თანაშემწის, შორენა თეთრუაშვილის შესახებაც შეიცავს დეტალებს. იგი, სავარაუდოდ, 90-იან წლებში თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნის შედეგად, მან თანამდებობა შეინარჩუნა.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ასევე იტყობინება, რომ თეთრუაშვილი აკონტროლებს „ყველა მიმდინარე პროცესს“ საპატრიარქოში. თეთრუაშვილი აგროვებს საპატრიარქოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და ცდილობს მათ გაგზავნას რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზ ბიძინა გუნიასა და დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის მეშვეობით.
დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი თავადაც ფიგურირებს სუს-ის ფაილებში. მას, სავარაუდოდ, მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ ორგანიზაციასთან – „მართლმადიდებელ ხალხთა საერთაშორისო ფონდი“, ასევე აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელ მიხეილ ხუბუტიასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ხარაზიშვილი საპატრიარქოს კულუარულ ინფორმაციებს აწვდის რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ხარაზიშვილი და ხუბუტია მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შორის განხეთქილების შემოტანას გეგმავდნენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შესახებ საქართველოს პატრიარქის პოზიტიურ განცხადებას ხუბუტიას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამას გარდა, ხუბუტიას და ხარაზიშვილის ინციატივით, ილია მეორესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1983 წელს ხარაზიშვილი საბჭოთა კგბ-მ გადაიბირა და კოდური სახელი „ჯოსეფინა“ მიანიჭეს.1986 წელს ხარაზაშვილი ყოფილი სუკ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის მსვლელობის პროცესში, გამოცხადებული იქნა ცნობილი რუსი ლიტერატორის, ლილია ბრიკის მემკვიდრედ და ამ სტატუსით ხარაზაშვილი შეახვედრეს, ცნობილ ფრანგ დიზაინერს ივ სენ ლორანს.
კიდევ ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომელიც ფაილებში ჩანს, არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, საქართველოს პატრიარქის ძმისშვილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, შალვა ბრეუსის ახლო მეგობარია. ეს უკანასკნელი ქართველ მიტროპოლიტს ფინანსებით უზრუნველყოფდა.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ციხეში იხდიდნენ სასჯელს. ჩანაწერების თანახმად, ბულუხია თავის ბიზნესობიექტებზე მოსკოვში ყიდის არალეგალურ სპირტიან სასმელებს და, შესაძლოა „ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან“.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ფაილებში ნათქვამია, რომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელს თბილისში, ვლადიმირ ალექსანდროვს მოსკოვის საპატრიარქომ დაავალა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმის ჩანაწერი მოეპოვებინა, ხოლო თავად ალექსანდროვმა სხალთის არქიეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს მიმართა თხოვნით, რომ საჯაროდ შეწინააღმდეგებოდა უკრაინის საკითხს.
„ფორმულა“ ფაილებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რამდენიმე ქართველი სასულიერო პირი პერიოდულად მართავდა შეხვედრებს კრემლის წარმომადგენლებთან მითითებების მისაღებად.
მედიის ინფორმაციით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ლუგარის ცენტრის, ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენებისა და საპატრიარქოში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეს აწვდიდა.
ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს.
ასევე წაიკითხეთ:
- ფარული ჩანაწერები: ფულის გათეთრება და მოქრთამვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ
- ფარული ჩანაწერები: საპატრიარქო მედიას აკრიტიკებს
- საპატრიარქოს პრესსპიკერი გაჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება
- პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)