Site icon Civil.ge

აშშ „სერიოზულ ეჭვებს“ გამოთქვამს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული არჩევნების მიმართ

აშშ-ის დროშა. ლონდონში ამერიკის საელჩო. ფოტო:

აშშ-ის საელჩომ თბილისში 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „ძალადობრივი, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები“, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში, „ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალ ცნობასთან ერთად, წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ“.

აღნიშნა რა, რომ ძალადობა მიუღებელია საარჩევნო კამპანიის დროს, საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას აქვს „ძირითადი პასუხისმგებლობა“ შექმნას ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)