Site icon Civil.ge

კობახიძე და მელია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ფოტო: კადრი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეოდან

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერი თავის მეტოქეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება იმ ფონზე მოხდა, როდესაც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრებს მართავს. ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ესაუბრებოდა. შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარს აკეთებდა ნიკა მელიაც.

ნიკა მელიამ ქართული ოცნების თავმჯდომარეს „უნამუსო ბავშვი“, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ხოლო კობახიძე ოპოზიციის ლიდერს „ნაძირალა“ და „ნაბიჭვარი“ უწოდა და შეაგინა.

მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დაპირისპირების დროს, ნიკა მელიამ „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს მიკროფონი გამოართვა, ირაკლი კობახიძის მისამართით მოიქნია და ჰკითხა – „გესროლო?“.

დაპირისპირების დაწყებისთანავე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მოქალაქეები მელიას და კობახიძის შორის ჩადგნენ და სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ. მათ კობახიძე მანქანამდე მიაცილეს, სადაც მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მელია „პროვოკატორი და ხულიგანია“.

მელია კობახიძეს მისი იმ განცხადების გამო დაუპირისპირდა, რომლის თანახმადაც, დმანისში ნაციონალური მოძრაობის ორი მხარდამჭერის დაჭრა ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი პროვოკაციის „ტრაგიკული“ შედეგია.

ინციდენტის შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ ნიკა მელია „თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს“.

მანვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად“ პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა და მოუწოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებს „მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)