აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ „სინანულს გამოთქვამს რუსეთის რეპრესიული ქმედებების გამო, რამაც დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას ძირი გამოუთხარა“.
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისათვის აფხაზეთში – 9, ხოლო ცხინვალის რეგიონში 10 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდათ რუს ოკუპანტ ჯარისკაცებსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მუშაკებსაც.
აფხაზეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, დაახლოებით, 13 000 ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო ცხინვალში გახსნილ უბნებზე – 11 000-მა.
თბილისმა დაგმო ოკუპირებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება და მოსკოვის ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, „მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ“ ქმედებად შეაფასა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)