საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდება.
სსფ-მა აღნიშნა, რომ ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მაჩვენებლების სტაბილური ზრდითა და ტურიზმის აღდგენით გამოწვეული შთამბეჭდავი ბიძგის შემდეგ, ეკონომიკა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში 22.3%-ით გაიზარდა
- მეორე კვარტალში რეალური მშპ 29.9%-ით გაიზარდა
თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მიმდინარე გაჯანსაღების ფონზე, საჭიროა, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ვაქცინაციის ძლიერი ტემპი, შეამციროს ფისკალური დეფიციტი და ვალი, კრიზისის მხარდაჭერის ზომები მოხსნას და მაღალი ინფლაციური რისკების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაამკაცროს რეფინანსირების განაკვეთი.
84-გვედიანი ანგარიში, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებისკენ მოუწოდებს, მათ შორის, ისეთი პოლიტიკის გატარებით, რომელიც ფართოდ გავრცელებულ უმუშევრობას გაუმკლავდება.
საგადასახადო სისტემა
სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ საქართველოს მარტივი ფიქსირებული საგადასახო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ „ბიზნესისადმი მეგობრულადაა განწყობილი“, „ძალიან მკაცრი, რეგრესიულია და ბევრ ხვრელს შეიცავს“. სსფ-მა განაცხადა, რომ 20%-იანი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი „არაპროპორციულად მაღალი ტვირთია“ დაბალი შემოსავლის მქონე სეგმენტისთვის.
იმავდროულად, ფონდმა აღნიშნა, რომ 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების აქტი ხელისუფლებას უზღუდავს შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას, ვინაიდან საგადასახადო განაკვეთების მუდმივ ზრდაზე ან ახალი გადასახადების შემოღებაზე კანონი რეფერენდუმის გამართვას ითხოვს.
შრომის ბაზარი
სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ „მშპ-ის ზრდის ფაქტორებსა და დასაქმების ფაქტორებს შორის შეუსაბამობაა“. მისივე თქმით, მართალია, საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2011 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში, საშუალოდ, 4.7% შეადგინა, ამგვარ ზრდას დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მატება არ მოჰყოლია.
ანგარიშის თანახმად, ზრდა დიდწილად განაპირობა ფინანსურ, სადაზღვევო და უძრავი ქონების სფეროებში განხორციელებულმა საქმიანობებმა, რაც დოკუმენტის თანახმად, არ წარმოადგენს შრომატევად საქმიანობებს. იმავდროულად, სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ დასაქმებულთა თითქმის 20% სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს, თუმცა სექტორის წილი მშპ-ში მხოლოდ 2%-ია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ვაჭრობა ერთადერთი სექტორი იყო, რომელსაც ბოლო წლებში ერთდროულად მშპ-ისა და დასაქმების ზრდაში შეიტანა წვლილი (კოვიდ-19-ის პერიოდამდე).
დოკუმენტის თანახმად, 2015 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია სუსტი იყო და დასაქმებულ პირთა რაოდენობა 12 600-ით შემცირდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პანდემიამ პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა და 2019 წლის მე-4 კვარტლიდან 2021 წლის მე-2 კვარტლამდე პერიოდში, მათი რაოდენობა კიდევ 62 000-ით შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)