Site icon Civil.ge

კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისთან კობახიძე-მელიას ჩხუბს ეხმიანება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ფოტო: eeas.europa.eu

„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა“, – განაცხადა დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 23 სექტემბერს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეების – ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას ჩხუბის შეფასებისას.

„თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა“, – დასძინა მანვე.

ელჩმა ასევე შეშფოთება გამოხატა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შემქნილი ვითარების გამო, რაზეც მისივე თქმით, მას „შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან“ კომუნიკაცია ჰქონდა.

პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირის ელჩი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდებოდა. შეკრებილები კობახიძის მოწოდების შემდეგ მალევე დაიშალნენ.

ელჩმა ასევე დაგმო „წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარი ძალადობის ფაქტები“ და შესაბამის ორგანოებს „სიღრმისეული გამოძიებისკენ, მხარეებს კი – „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.

„არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ ამ უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა.

კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, 23 სექტემბერს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უმასპინძლა და მათთან საარჩევნო პროცესები განიხილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)