პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ხელისუფლებას, სავარაუდოდ, „ფართოდ გავრცელებული უკანონო თვალთვალის“ საქმის დამოუკიდებლად და გამჭირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციის 24 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს „ეს უპრეცედენტო თვალთვალი“.
„ფარული მიყურადების ამსახველი ჩანაწერები, თუ მათი ავთენტურობა დადასტურდება, უკიდურესად შემაშფოთებელია მათი მასშტაბის გამო“, – განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.
„თვალთვალის შემთხვევების წინა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო. ამ საკითხის სერიოზულობის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად შედეგები სწრაფად იქნება მიღწეული“, – დასძინა მან.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხუთმა ჟურნალისტმა, მათ შორის, ნოდარ მელაძე ტელეკომპანია „პირველიდან“, ნინო ვარძელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულადან“, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ რედაქტორმა ლევან სუთიძემ და ეკა კვესიტაძემ „მთავარი არხიდან“, ასევე ონლაინგამოცემა On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა გელა ბოჩიკაშვილმა გამოჟონილ ფაილებში მათზე არსებული ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურეს.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილი ათასობით დოკუმენტი ინტერნეტსივრცეში 12-13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ამასთან, მათში გვხვდება მრავალი ჩანაწერი ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა თუ საჯარო მოხელეების საუბრებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)