Site icon Civil.ge

სუს-ის უფროსი, სავარაუდოდ, უწყებიდან გამოჟონილ ფაილებზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, ფოტო: ssg.gov.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, სავარაუდოდ, უწყებიდან გამოჟონილ ათასობით ფაილზე, რომლებიც სასულიერო პირებზე, სავარაუდოდ, განხორციელებული თვალთვალის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს, დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა.

კითხვაზე – “გამოიკითხა თუ არა იგი საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში?”, – ლილუაშვილმა უპასუხა – „მე რა შუაში ვარ? მე რატომ უნდა დამიბარონ?“. თუმცა, მანვე დასძინა, რომ სუს-ის თანამშრომლები იკითხებიან და „გამოძიება მიდის“.

მანვე აღნიშნა, რომ გამოიკითხება ყველა, ვისაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, „თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით“.

კითხვაზე აპირებს თუ არა იგი თანამდებობიდან გადადგომას, ლილუაშვილმა უპასუხა – „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, სამწუხაროდ“.

„გამოძიების შედეგად დადგება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, გაირკვევა სიმართლე და ყველას თავისი საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

ლილუაშვილმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მსოფლიოში „სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის არ მოუგია“ და „ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში“.

გრიგოლ ლილუაშვილმა ფაილების ავთენტურობასთან დაკავშირებით დაკავშრებით დასმულ კითხვას არ უპასუხა.


პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი“. „ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში“, – დასძინა მანვე. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ავთენტურობა“ და უპასუხოს კითხვას – „გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული“.

მისივე თქმით, გამოძიებამ ასევე უნდა „შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები“, გააანალიზოს ისინი, რადგანაც „ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო“. „ვიცით რა სააკაშვილის ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო რა თქმა უნდა, დიდი სიყალბე, ეს იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, – დაამატა პრემიერ-მინისტრმა.


დღესვე, ჟურნალისტებს მოთმინებისკენ მოუწოდა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. „გამოძიება დაწყებულია, ნუ ხართ სულსწრაფები“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და მათივე დასმულ კითხვებს შემდეგი კითხვებითვე უპასუხა – „რის პასუხისმგებლობას?“; „რამე მოხდა?“; „დავაშავეთ რამე?“; „უკანონო იყო?“.

შენიშვნა: მასალა საქართველოს პრემიერისა და შს მინისტრის კომენტარების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)