Site icon Civil.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ 

ხმის მიცემის ერთ-ერთი უბანი თბილისში, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TIG) 28 სექტემბერს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოსთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება „კვლავ პრობლემურია“.

ანგარიში 1 ივნისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და აღსრულებითი, სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების საკითხს მიმოიხილავს.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსები

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – საქართველოსთვის – მხარდამჭერების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღნიშნა, რომ 17 პირის შემთხვევაში გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების ნიშნები.

ორგანიზაციის თქმით, არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების მხრიდან მათ საარჩევნო სიებში მყოფი პირებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტების შესახებ. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, 22 ასეთი შემთხვევა, ძირითადად, პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს ეხებოდათ, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთა შორის იყვნენ ნაციონალური მოძრაობა, გირჩი – მეტი თავისუფლება და მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი, ასევე გამოთქვეს მსგავსი წუხილები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა დაავალეს. 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714 000 ლარი შესწირეს. „ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და, შესაძლოა, წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსები

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ივლისში საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების ზოგიერთმა დებულებამ რეფორმის მნიშვნელობა დააკნინა და მმართველი პარტიის ინტერესებს მოარგო. ანგარიშში ნათქვამია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულმა დროებითმა რეგულაციამ საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადები ოთხიდან ერთ კვირამდე შეამცირა, რითაც „შესაძლებელი გახდა, მმართველ პარტიას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დაემტკიცებინა სასურველი კანდიდატები“.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები აქტიურად ესწრებოდნენ ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებს. ორგანიზაციის თქმით, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ისინი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. „საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი კონცენტრაცია, კანონის პირდაპირი დარღვევაც რომ არ იყოს, მინიმუმ იგი ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას, რაც მიუღებელია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსები

რაც შეეხება ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მან 10 სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩია, რომელიც საარჩევნოდ „მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)