ავტორი: დავით ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი
„საქართველოს რევ.კომიტეტის თავმჯდომარეს
“წრეულს იანვარში კავკავში დაიჭირეს დიპლომატიური შიკრიკი სიო სეფერთელაძე და შემდეგ გადმოიყვანეს აქ თბილისში. სეფერთელაძეს მე კარგად ვიცნობ; ის 18 წელში რედაქტორობდა საბჭოთა გაზეთს ტორგოვაიაში (სტავრ. გუბ) რისთვისაც მას დენიკინის მთავრობამ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ ჩემის შუამდგომლობით (ნაცნობების დახმარებითაც) ის სიკვდილს გადავაჩინეთ. გთხოვთ განკარგულება მოახდინოთ სეფერთელაძე განთავისუფლებული იქნას ჩემი თავდებობის ქვეშ. მე ამავე თხოვნით მივმართავდი საქ. ჩეკას თავმჯდომარეს, მაგრამ ის მე ვერ მიცნობს და ამიტომ იძულებული ვრჩები შეგაწუხოთ თქვენ. პატივისცემით: სამსონ ივანეს ძე პაიჭაძე P.s დღეს ასეთივე თხოვნით მივმართე საქ. ჩეკის თავმჯდომარეს, მაგრამ მან გამომიცხადა რომ, ის ვერ იკისრებს სეფერთელაძის გაშობას, მხოლოდ რევკომის თავმჯდომარე თუ მოახდენს ასეთ განკარგულებას მეც შევასრულებ მასო, რადგანაც რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველივე უთანხმოება მოსპობილია, ამიტომ ყოფილ მოსამსახურეებზე (ძველი მთავრობისა) შურის ძიებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
28 ივნისი 1921. ს. პაიჭაძე“
სამსონ პაიჭაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი კონსული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ წერილს რევკომის თავმჯდომარი მიერ, წითელი ფანქრით აქვს მიწერილი რეზოლუცია:
„თუ არ მოიპოვება სერიოზული სამხილები მისი კონტრრევოლუციური საქმიანობისა, გაათავისუფლეთ პაიჭაძის თავდებობის ქვეშ.“
სამსონ პაიჭაძის თავგამოდებულ, სარისკო მცდელობას და საოკუპაციო ხელისუფლების მიერ 1921 წლის მარტში მიღებული ამნისტიის შაბლონის ციტირებასაც, სადაც „ყოფილი ხელისუფლების მოსამსახურეთა შეწყალებაზე“ იყო საუბარი, მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – როგორმე ჩეკისტების ხელიდან დაეხსნა მისი ყოფილი თანამშრომელი, დიპლომატიური კურიერი და შემდგომ კავკავის (ვლადიკავკაზი) ქართული საკონსულოს მდივანი სიო სეფერთელაძე.
მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისია (ЧК) სეფერთელაძეს მძიმე ბრალდებებს უყენებდა – შპიონაჟი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის დამზვერავი ნაწილის (რომელიც სამხედრო დაზვერვის და კონტრ-დაზვერვის განყოფილებებისგან შედგებოდა) უფროსის, პოლკოვნიკ – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვის[1] (დავითაშვილი), სასარგებლოდ მუშაობა – ამიტომ მისი გათავისუფლების შესაძლებლობას სერიოზულად არც კი განიხილავდა.
ამ ამბავს კი ფრიად საინტერესო წინაისტორია აქვს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის უხილავ ფრონტზე ბრძოლის ერთი სახასიათო ფურცელია.
საიდუმლო მზადება ომისთვის
1920 წლის დეკემბერში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის კვლავ ომის აჩრდილი ჩამოწვა. საქართველოს მთავრობა და სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბი შემაშფოთებელ ცნობებს იღებდნენ ბაქოში მდგომი მე-11 არმიის საბრძოლო გეგმებზე. ვითარება „საიდუმლო ფრონტზეც“ უკიდურესად გამწვავდა.
საბჭოთა რუსეთი ისედაც აქტიურ დაზვერვას აწარმოებდა ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო აზერბაიჯანის და სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ოკუპაციის შემდეგ კი მას ყოველი მხრიდან გაეხსნა ხელი. 1920 წლის მაისში აზერბაიჯანის და იმავე წლის ნოემბრში სომხეთის რესპუბლიკების ოკუპაციის შემდგომ, მათი დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში, ბოლშევიკებმა გადაიბარეს და „საბჭოთა აზერბაიჯანის“ და „საბჭოთა სომხეთის“ მისიები ფაქტობრივად საბჭოთა რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციებად გადაქცნენ, სადაც დიპლომატიური იმუნიტეტის საფარქვეშ 1920 წლის ზაფხულში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გაძევებული აქტიური ქართველი ბოლშევიკები მოავლინეს სამუშაოდ, სადაზვერვო ინფრმაციების შესაკრებად, ტერორისტული აქტების მოსაწყობად და საქართველოში „საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის“ ნიადაგის მოსამზადებლად.
საქართველოს რესპუბლიკის სპეცსამსახურები, ძველი რევოლუციონერი მებრძოლებისგან, რუსეთის იმპერიის ყოფილი სამხედროების, სპეცსამსახურების ქართველი თანამშრომლებისგან შედგებოდა. ისინი კარგად იცნობდნენ ბოლშევიკების მუშაობის მეთოდებს. მოწინააღმდეგის მასირებულ ზეწოლას, როგორც წინა წლებში, კვლავ ჩვეული შემართებით დახვდნენ და უკან არ დაუხევიათ დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე მოწინააღმდეგის მზვერავების დაპატიმრებასა თუ ქვეყნიდან გაძევებისგან. ამას რასაც რუსეთის ნომერ პირველი მზვერავი საქართველოში, საბჭოთა რუსეთის საელჩოს სამხედრო წარმომადგენელი პავლე სიტინიც აღნიშნავდა მოსკოვში გაგზავნილ მოხსენებებში და ქართველების „აღმოსავლურ ეშმაკობაზე“ ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც მის მზვერავებს ყველგან უთვალთვალებდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ.
1921 წლის 21 იანვარს, საქართველოს დეპეშათა სააგენტოს მიერ გადაცემული ცნობის საფუძველზე ქართულმა პრესამ გასული წლის დეკემბერში მომხდარ ჯაშუშურ სკანდალზე ამცნო მკითხველს. 1920 წლის დეკემბერში ქართულმა კონტრ-დაზვერვამ საბჭოთა აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები, პირველი მდივანი – კალისტრატე ქეთევანიძე, ლევან მიროტაძე, მუსა ტომაევი, მამედ ჰუსეინ მამედოვი და ბაგრატ მეჩიტოვი დააკავა. მამედოვი, რომელიც ბათუმში სამუშაოდ იყო მოვლინებული, საქართველოდან გააძევეს ხოლო დანარჩენები – ქუთაისის ციხეში ჩასვეს.
საბჭოთა აზერბაიჯანის საელჩოს 1920 წლის 28 დეკემბრის N 1034 ნოტას, რომლითაც აზერბაიჯანის საელჩო პროტესტს უცხადებდა საქართველოს ხელისუფლებას მისი თანამშრომლების დაპატიმრების გამო, 1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კონსტანტინე საბახტარაშვილის პასუხი მოჰყვა, რომელიც N 423 ნოტით მათ ამცნობდათ, რომ დაკავებული პირველი მდივანი „ქეთევანიძე“ სინამდვილეში – კალისტრატე საჯაია იყო და გამოძიებას სერიოზული მტკიცებულებები ჰქონდა მის წინააღმდეგ, რომლითაც დასტურდებოდა მისი საბჭოთა რუსეთის დაზვერვის აგენტობა.საჯაიას რუსეთში ცხოვრების დეტალებიც იყო ცნობილი სადაც ის „კალინიჩენკოს“ გვარით ცხოვრობდა. საბახტარაშვილი მიუთითებდა, რომ აღნიშნული პირები ადრეც იყვნენ დაპატიმრებული და შემდეგ გაძევებული საქართველოდან არალეგალური მუშაობის გამო და დიპლომატიური ენით იმედს გამოთქვამდა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან, რადგან ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან არამეგობრულ აქტად ჩაითვლებოდა.
დღეისთვის შეუძლებელია გარკვევა, საპასუხო ნაბიჯი იყო თუ უბრალოდ დამთხვევა, 1921 წლის 16 იანვარს, თერგის ოლქის, მე-9 წითელი არმიის განსაკუთრებულმა განყოფილებამ (Особый отдел) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კავკავის საკონსულოს მდივანი, სიო სეფერთელაძე დააკავა. ოფიციალურად, იგი წინა დღეებში ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე საიდუმლოდ დაკავებული, საქართველოს დიპლომატიური კურიერის, მიხეილ (ოტია) ლორთქიფანიძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს; ყაზბეგში ლორთქიფანიძეს უკანონო ჩხრეკის შედეგად დიპლომატიურ ფოსტაში სადაზვერვო ხასიათის მოხსენებები აღმოუჩინეს, რომელსაც ხელს „კავკაველი“ აწერდა. გამოძიების მტკიცებით, ლორთქიფანიძემ კავკავში ქართული დაზვერვის რეზიდენტად და მოხსენებების ავტორად მაშინვე სიო სეფერთელაძე დაასახელა.
ქართული სათვისტომო ჩრდილოეთ კავკასიაში
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც კავკასიაში რუსეთის იმპერიის დაპყრობითი ომები დასრულდა და მშვიდობიანობის პერიოდში ქალაქებმა დაიწყეს ზრდა-განვითარება. საქართველოს მთის მოსახლეობაზე ამ პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა და მანამდე კარჩაკეტილ ყოფას მიჩვეულ მთის მოსახლეობას ამ ახალ მსხვილ სავაჭრო-სამრეწველო ცენტრებთან დაახლოვებას გაუხსნა გზა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი და ქუთაისი ამიერკავკასიის ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ქალაქები იყვნენ, მთის რაჭის და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცირემიწიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით მოხევეები, ცუდი გზების, ქართულ ქალაქებთან სიშორის და ტრანსპორტის უქონლობის გამო ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში, განსაკუთრებით – ვლადიკავკაზში მიდიოდნენ ბედის საძიებლად, სავაჭროდ და სამუშაოდ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში მუდმივად მცხოვრები ქართველების რაოდენობა უკვე რამდენიმე ათულ ათასს შეადგენდა.
1919 წლის სექტემბერში, ვლადიკავკაზის (ძაუჯიყაუ, ძაუგი) ქართული სკოლის მასწავლებელი და ამავე სკოლის მღვდელი გიორგი ნათაძე საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა გაზეთ „სახალხო საქმე“-ს სწერდა:
„სხვა რომ არა იყოს რა, კავკავს და იქ ქართველების გამრავლებას სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მთელი დუშეთის მაზრის მთიელები კავკავით იკვებებიან. მთაში მოსული ჭირნახული სამსა და ოთხ თვეს არ ჰყოფნის მთიელს და კავკავიდან ეზიდება საზრდოს. მთაში მიწის სივიწროვე გარეთ ერეკება მთიელებს.
კავკავი მახლობელი ქალაქია, მშვიდობიანი, მიწებით მდიდარი და მოსავლიანი ადგილია. ადგილობრივი მკვიდრნი ოსები და ქისტები უფრო ადვილი საშუალებით არიან მიჩვეული ქონების შეძენას. უინიციატივო და უმოქმედო ხალხი არიან ყაზახები, მდიდრები არიან მამულებით, ამასთანავე მსმელნი არიან და უქნარნი. ჯაფის მოყვარული მთიელი აქ ადვილად იკიდებს ფეხს და მუყაითი შრომით იძენს ქონებას.
სომეხი უფრო ვაჭრობას ეკიდება, დანარჩენი საქმიანობა სულ ქართველების ხელშია, ხელოსნები; მეჩოხე, მექუდე, მეუნაგირე, მეწუღე, მეყაიშე დიდი უმრავლესობა აქ ქართველები იყვნენ. სასტუმროები, რესტორნები სულ ქართველების ხელში იყო და იქ მომუშავე ოფიციანტები თითქმის სულ ქართველები იყვნენ. ღორის ხორცით მოვაჭრე, მეკალბასე, მეხილე-ბაყალი, სულ ქართველები არიან. ღვინის მოვაჭრე სომხებთან თანაბრად ქართველები იყვნენ.
ინტელიგენტური მშრომელები, ბანკებში, აფთიაქებში, მაღაზიებში დიდი უმრავლესობა ქართველები იყვნენ. მრავალი მთიელი გლეხები იჯარით იღებდნენ ქალაქისა და ყაზახების მიწებს და ნაყოფიერ მეურნეობას აწარმოებდნენ. კავკავის ბაზარში შემოტანილი შეშა, პური, ბოსტნეული და სხვა სანოვაგის დიდი ნაწილი ქართველებს ეკუთვნოდა.
თვით კავკავს ქართული ელფერი ედო, ყველგან ქართველს შეხვდებოდი, ყველგან ქართული ლაპარაკი გეყურებოდა. მთელი სტანიცები მოდებული იყო ქართველ მოვაჭრე ხელოსნებით. მრავალ ქართველს აქვს აქეთ საკუთარი სახლები და დიდი საწარმოო საქმეები. გარდა კერძო ვაჭრობა-ქონების შეძენისა, აქეთ ქართველებს საზოგადო საამხანაგო წარმოებაც ეხერხებოდა, ამ რამდენიმე წლის წინად ქ. გროზნაში შესდგა ქართველებისგან შემდგარი ნავთის საწარმოო დიდი ამხანაგობა, საჭირო თანხაც შეკრიბეს, მხოლოდ რევოლუციამ შეუშალა ხელი საქმე დაეწყოთ. ისეთი დიდი საქმე, როგორიც იყო განსვენებული სარაჯიშვილის ქარხანა, დღეს ქართველების ხელშია, დიდი სამრეწველო ამხანაგობაა ქართველთაგან შემდგარი და ამ მოკლე ხანში შეუდგებიან წარმოებას.“
ბიოგრაფია: გიორგი ნათაძე
რუსეთის თებერვლის რევოლუციის და ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ ჩრდილოეთ კავკასიაში 1918 წლის მარტში შექმნილ „თერგის საბჭოთა რესპუბლიკას“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც თერგის რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის, ძველი რევოლუციონერის და ბოლშევიკის – სამუელ (ნოე) ბუაჩიძის დამსახურება იყო. იგი საქართველოსადმი ძალიან კეთილგანწყობილი იყო და აქტიურად ცდილობდა პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების აწყობას, რის გამოც დიდი დაპირისპირება ჰქონდა თავისივე ფინანსთა სახალხო კომისარ ფილიპე მახარაძესთან, რომელსაც ერთხელ, საჯაროდ პროვოკატორიც კი უწოდა, საქართველოს საზღვარზე მომხდარი შეტაკების ორგანიზებისთვის.
ბუაჩიძემ ვლადიკავკაზში სასურსათო საკითხებზე ჩასულ საქართველოს წარმომადგენელ, მის მეგობარ სოციალ-დემოკრატ ვიქტორ თევზაიას უთხრა – „მე თქვენ ყოველივე დახმარებას გაგიწევთ. გადაეცით ეს ყველას. ვიცი თქვენი ტრაგიკული მდგომარეობა.“ თუმცა, მალე – 1918 წლის 20 ივნისს ნოე ბუაჩიძე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს მიტინგზე, სიტყვით გამოსვლისას. თევზაია ეჭვობდა, რომ ბუაჩიძის მკვლელობაში ფილიპე მახარაძის ხელი ერია. მალევე, თერგის რესპუბლიკის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ბოგდანოვმა სტალინისგან დეპეშა მიიღო ბრძანებით – სასწრაფოდ შეეწყვიტათ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა და სურსათის მიწოდება. ბუაჩიძის დაღუპვას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი საქართველოში გადმოასვენეს და 26 ივნისს მშობლიურ სოფელ ფარცხნალში დაკრძალეს.
რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ჩრდილო კავკასია ხან თეთრი და წითელი არმიების ხელიდან ხელში გადადიოდა. ამ არეულობამ მნიშვნელოვნად დააზარალა იქაური ქართული მოსახლეობა და ბევრს თავის გადასარჩენად სამშობლოში გამოხიზვნა აიძულა. თუმცა, გიორგი ნათაძე წერდა, რომ როგორც კი კავკავში შედარებით მშვიდობიანობა დადგა, ქართველებმა უკან დაბრუნება დაიწყეს და კვლავ შეუდგნენ ძველებურ ცხოვრებას.
ორი რუსეთის პირისპირ
1920 წლის მარტში, საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ კავკავი აიღო და ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის მოხალისეთა არმიის უკანასკნელი ნაწილები გამოდევნა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი „ერთობა“ სარედაქციო სვეტში წერდა:
„მაშასადამე „წითელ არმიის“ მოახლოვებისას ჩვენ იმის მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ჩრდილო საზღვარზე არსებითად არაფერი შეიცვლება: იდგა დენიკინის შავი ჯარი, რომელსაც ჩვენდამი მტრობა ედო გულში; – ამიერიდან იქვე იდგება „წითელი არმია“, რომელსაც ისევ ისეთი ჩვენდამი მტრობა უდევს გულში. ჩვენთვის, ჩვენს დემოკრატიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ერთს ჯარს წინ მიუძღოდა დენიკინი, მეორეს ტროცკი, რომ ერთი ჯარი იყო „შავი“ მეორე „წითელი“. რას ვაქნევთ ჩვენ ჯარის უფროსის სახელს, ან ჯარის ფერს, თუ კი ერთიც და მეორეც ერთნაირ განადგურებას უქადის ჩვენს ერს!“
“ერთობა:, 24 მარტი, 1920
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიას მუდმივად განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. ომის მსვლელისას, დროდადრო რომელიმე დამარცხებული მხარის დარიალის ხეობაში – „საქართველოს კარიბჭეს“ მოადგებოდა ხოლმე და უსაფრთხო ადგილებისკენ გატარებას ითხოვდა. პასუხად, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა რუსეთის სამოქალაქო ომში, 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან გამოდევნილ ბოლშევიკებს, ხოლო 1920 წელს კი, დამარცხებულ მოხალისეთა არმიას ერთადერთ მოთხოვნას უყენებდა -საქართველოს ტერიტორიაზე დევნილ ჯარებს იგი მხოლოდ საერთაშორისო წესების დაცვით – იარაღის ჩაბარების შემდეგ შემოუშვებდა. ეს ულტიმატუმი ორივე მხარემ შეასრულა, რადგან დევნილ „თეთრ“ თუ „წითელ“ რუს ჯარისკაცებს დარიალის ვიწრო ხეობები ქართველი ჯარისკაცებისა და გვარდიელების მხრიდან კარგად გამაგრებული ხვდებოდათ.
1920 წლის დასაწყისში, კავკასიის მიმართულებით წითელი არმიის გააქტიურებამ და წინსვლამ, საქართველო კვლავ „ახალი მეზობლის“ გამოჩენის საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ჩრდილოეთ კავკასიასთან სავაჭრო ურთიერთობები მუდმივად ჰქონდა, რაც ძირითადად პურისა და სიმინდის შესყიდვაში გამოიხატებოდა. 1920 წლის თებერვლის ბოლოს, თბილისიდან კავკავში ახალი ეკონომიკური მისია გაემგზავრა, რომელსაც მომარაგების სამინისტროსთან დაკავშირებული პირების ნაცვლად, ცნობილი ქართველი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი – ზაქარია გურული ხელმძღვანელობდა. მისიას სახალხო გვარდიელების სპეციალურად მომზადებული ნაწილიც ახლდა, რომელსაც მისია ყოველგვარი საფრთხისაგან უნდა დაეცვა. ზაქარია გურული, ამ დროისათვის, სახალხო გვარდიის ერთერთი დამაარსებელი და მთავარი შტაბის წევრი იყო. პარალელურად, 1919 წლიდან დამფუძნებელ კრებაში იყო არჩეული, სადაც სამხედრო და საპენსიო კომისიებში მუშაობდა.
ყაზბეგში მისიას საქართველოს კონსული კავკავში – ექიმი ვახტანგ მაჩაბელი დახვდა, რომელმაც ქალაქში ჩასვლამდე იქაური ვითარება გააცნოთ. სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო: სამოქალაქო ომით განადგურებულ მხარეს ადგილობრივები თუ ცენტრალური რუსეთიდან ბოლშევიკებს გამორიდებული არისტოკრატია და ინტელიგენცია ტოვებდა და საქართველოს საკონსულო მუდმივად რესპუბლიკაში შემოსვლის მთხოვნელთა „ალყაში“ იყო.
საქართველოს ახალ მისიას „სამხრეთ რუსეთის“ მთავრობის წარმომადგენლობა ცივად შეხვდა. გენერალმა ანტონ დენიკინმა მათი დაპატიმრების ბრძანება გასცა, რადგან ის საქართველოს ხელისუფლებას სოჭის მიმართულებით მოქმედ შავიზღვისპირელი მოსახლეობის – „მწვანე არმიის“ საიდუმლო დახმარებაში სდებდა ბრალს.
თუმცა, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მიმართვის და წითელი არმიის შეტევის შედეგად დენიკინისთვის გართულებული მდგომარეობის ფონზე, მოხალისეთა მთავრობას უკან დახევა მოუხდა. საქართველოს მისიას მუშაობის და სიმინდის შესყიდვის ნებართვა მისცეს. მოგვიანებით ზაქარია გურული „დათიაშვილის“ ფსევდონიმით წერდა, რომ მისიის მეორე მიზანი – ოლქის მდგომარეობის ყოველმხრივ გაცნობა და ინფორმაციის შეგროვება იყო, რისი ორგანიზებაც მათ ჩასვლისთანავე დაიწყეს:
„ჩვენ ჩასვლისთანავე მოვაწყვეთ ტელეგრაფის აღდგენის საქმე და პირდაპირი მავთულით ლაპარაკი. გვყავდა სანდო ქართველი ტელეგრაფისტიც და ყველა ამ მოძრაობის პროცესს სისტემატიურად ვაწვდიდით თბილისს.“
ზაქარია გურული
19 მარტს, როდესაც მოხალისეთა არმიის გენერალ ერდელის უკანასკნელი ნაწილები დარიალის მიმართულებით გამოსაქცევად ემზადებოდნენ, კავკავში ქართული დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც – ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი და გოგიტა ფაღავა შედიოდნენ. მათ, ყაზბეგიდან დაცვად გვარდიელების ნაწილით პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილიც ახლდათ. მისიის მიზანი ფრონტის მდგომარეობის შეფასება და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო, მათდამი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოკიდებულების შესახებ.
ქართულ დელეგაციას, ჩასვლისთანავე, სასტუმრო „პარიზში“ ადგილობრივმა გაზეთებმა ინტერვიუები ჩამოართვეს. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთა უმრავლესობაც მტრულად იყო განწყობილი ორთავე – წითელი და მოხალისეთა არმიების მიმართ, იმედოვნებდნენ, რომ თერგის ოლქს ქართული ხელისუფლება დაიჭერდა. ვალიკო ჯუღელის გამოჩენას იმ იმედით შეეგებნენ, რომ ის ადგილობრივი მოსახლეობისგან გვარდიის შექმნას შეუდგებოდა. თუმცა, ქართული დელეგაციის განმარტებამ, რომ საქართველოს რესურსები ჩრდილოეთ კავკასიის გაკონტროლებას და წითელი არმიის დივიზიების შეტევის შეჩერებას არ ეყოფოდა, მოსახლეობა კიდევ უფრო შეაშინა და დაამწუხრა.
20 მარტს, ქალაქ ნაზრანში გოგიტა ფაღავა, ზაქარია გურული და კონსული ვახტანგ მაჩაბელი ადგილობრივ ინგუშ მოსახლეობას შეხვდნენ და წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნისკენ მოუწოდეს. ქართული დელეგაცია ყაზბეგში 22 მარტს დაბრუნდა, თუმცა კავკავის საკონსულოში მაჩაბელთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად გოგიტა ფაღავა დარჩა. 24 მარტს, კავკავი წითელმა არმიამ დაიკავა და კავკასიის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის – სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, საქართველოს საკონსულო დახურეს. კონსული – ვახტანგ მაჩაბელი და გოგიტა ფაღავა დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით ისევ გაათავისუფლეს და გოგიტა ფაღავას საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს, ხოლო ვახტანგ მაჩაბელი ისევ კონსულის მოვალეობის შესრულებას შეუდგა თერგის ოლქში.
წითლების ბატონობა კავკავში
ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, საგანგებო კომისიამ (ЧК) ადგილობრივი მოსახლეობის ტერორი და შევიწროება დაიწყო. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და „თერგის ოლქის“ საბჭოთა ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა კვლავ დამძიმდა. სერგო ორჯონიკიძის დავალებით ბოლშევიკებმა საქართველოს მიმართულებითაც გააქტიურეს მუშაობა. კავკავში და სხვა ქალაქებში გაზეთი „კომუნისტი“ საქართველოს შესახებ მუდმივად ავრცელედა დეზინფორმაციას და 1920 წლის მაის-ივნისში ჯავაში და ცხინვალში მომხდარი ბოლშევიკური აჯანყებებიც კავკავიდან იმართებოდა.
1920 წლის ივნისში, როდესაც საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილები საქართველოს აზერბაიჯანის მხრიდან უტევდნენ და ზურგში ჯავა-ცხინვალის მიმართულებით ოსი ბოლშევიკების აჯანყება მიმდინარეობდა, კავკავში საინტერესო ამბები ვითარდებოდა. ცოტა ხნით ადრე, რუსეთიდან კავკავში ჩასული ქართველი წითელარმიელი მეთაური და რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი – ნიკოლოზ მარკოზაშვილი დააპატიმრეს. მარკოზაშვილს ადგილობრივ მცხოვრებთაგან კავკასიის მეორე ცხენოსანი დივიზიის ფორმირება ჰქონდა დავალებული, თუმცა,მალევე, ჩეკისტებმა მარკოზაშვილს ბრალად დასდეს, რომ ის ადგილობრივი ქართველების გავლენის ქვეშ მოექცა და დივიზიის საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნის შემთხვევაში, მას დივიზიასთან ერთად საქართველოს მხარეზე გადასვლა ჰქონდა განზრახული. დივიზია, რომლის ფორმირება უკვე დაწყებული იყო დაშალეს და მეთაურები დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე, მარკოზაშვილის ფაქტობრივი თანაშემწე – შალვა აროშიძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. დიზივიის სამეთაურო შემადგენლობა მარკოზაშვილის თავდებობით გაათავიუსფლეს, თუმცა, მეორე დღესვე, რამდენიმე ქართველი – ლაზარიაშვილი, რუხაძე, ძნელაძე, ჩხაიძე, ჯაში და ჯიბლაძე, რომლებზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის სასარგებლოდ მუშაობდნენ და მათ გადაიბირეს მარკოზაშვილი, საქართველოში გაიქცნენ. თან დივიზიის მთელი ფინანსები, 5 000 000 მანეთიც გაიტაცეს, რითაც ცხენების შესყიდვა იგეგმებოდა,რის გამოც დივიზიის ხელახლა ფორმირება ვეღარ მოხერხდა. დაპატიმრებულ მარკოზაშვილს დახვრეტა ემუქრებოდა, მაგრამ მოსკოვში ეტაპირებისას მან, სადგურ ბესლანში, მეგობრების დახმარებით გაქცევა მოახერხა და თავი საქართველოს შეაფარა.[2]
აგვისტოში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები უკვე შეწყვეტილი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველების ინტერესების დასაცავად და რესპუბლიკის წარმომადგენლად, საკონსულოები გახსნა. ყუბანის ოლქში, სტავროპოლის, შავი ზღვისპირეთში და დონის რაიონში კონსულად დაინიშნა – სამსონ პაიჭაძე, რომელის წარმომადგენლობაც სტავროპოლში იყო განთავსებული. ვიცე-კონსულები კი შემდეგნაირად განაწილდნენ: არმავირში – ნიკოლოზ გიორგობიანი, როსტოვში – ჩიქოვანი, ეკატერინოდარში – ხინთიფიძე. თერგის ოლქში, ქალაქ ვლადიკავკაზში – მღვდელი გიორგი ნათაძე, სოჭის და ტუაფსეს რაიონში კი – ხოფერია. ახლადდანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს მუშაობა რთულ პირობებში უწევდათ, რადგან ბოლშევიკები ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველების მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი და მათ ყოველმხრივ ავიწროვებდნენ, რის გამოც ბევრი ტოვებდა შეძენილ სახლ-კარს, უძრავ ქონებას და სამშობლოში გამორბოდა.
ბიოგრაფია: სამსონ ივანეს ძე პაიჭაძე
„კავკაველი“
1920 წლის ივნისის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვმა, სამხედრო დაზვერვის ოფიცერი – პეტრე ფავლენიშვილი დაიბარა და მეტად სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე დაავალა. პეტრე ფავლენიშვილს, რომელიც კარგად იცნობდა ვლადიკავკაზს, უნდა გაეძლიერებინა და მოეწესრიგებინა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი სადაზვერვო ქსელი, რომელსაც ვლადიკავკაზის ქართულ საკონსულოში, მოქმედი რეზიდენტი – ქუმსიაშვილი ხელმძღვანელობდა და ბაგრატიონი მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო.
ფავლენიშვილს ასევე უნდა მოეძებნა ჩრდილოეთ კავკასიაში ალექსანდრე ბაგრატიონის მიერ სამუშაოდ გაგზავნილი, გერმანული პოლკის ყოფილი ოფიცერი – ჰუგო მალერი, რომელიც დაიკარგა და მისგან არავითარი ცნობები არ მოდიოდა. ინსტრუქციებით და 600. 000 მანეთით მომარაგებული ფავლენიშვილი, საკონსულოს მეორე მდივნის საფარით, ვლადიკავკაზში ივლისში ჩავიდა და კონსულ ვახტანგ მაჩაბელის სახლში დაბინავდა. მაჩაბელი კონსულობის პარალელურად, საექიმო პრაქტიკასაც აგრძელებდა და საკუთარ, დიდ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ფავლენიშვილმა ჩასვლისთანავე მოძებნა მალერი და მასთან აგენტურული კავშირი აღადგინა. აგენტურულ მუშაობასთან ერთად საბჭოთა რუსეთის ცხოვრების გაცნობის და ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით ფავლენიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად დაეზვერა ვლადიკავკაზის სარკინიგზო შტო, რაც მან საკონსულოს დიპლომატიურ კურიერს – სიო სეფერთელაძეს დაავალა, რომელმაც დავალება წარმატებით შეასრულა.
მნიშვნელოვანია, რომ ფავლენიშვილმა შეძლო გასულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში ბარონ ვრანგელის რეზიდენტ კუსოვზე და მისი გადმობირება მოახერხა, თან დაავალა, მომზადებულიყო საჭირო მომენტში აჯანყებისთვის. საქართველოში დაბრუნებულმა ფავლენიშვილმა ვრცელი მოხსენება და სადაზვერვო ინფორმაცია წარმოუდგინა დაზვერვის უფროსს და ამის შემდეგ, ის ყოველთვიურად, დიპლომატიური საფარით ჩადიოდა ვლადიკავკაზში სადაზვერვო ქსელის შესამოწმებლად.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბს, 1920 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვლადიკავკაზში განთავსებული მთავარი რეზიდენტი, ერთი მეკავშირე-კურიერი და ცხრა აგენტი ჰყავდა, რომლებიც ვლადიკავკაზში, გროზნოში, მინერალურ წყლებში, არმავირში, კავკაზსკიში, როსტოვში, ეკატერინოდარში, ტუაფსეში და სტავროპოლში მოქმედებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამათგან ცალკე მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის აგენტურა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სანდო პირების ქსელები. სამხედრო დაზვერვა ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარ აგენტურას საკმაოდ კარგ ანაზღაურებას აძლევდა: მთავარ რეზიდენტს ყოველთვიურად 25 000 მანეთს უხდიდნენ (რაც,დღევანდელი კურსით, დაახლოებით – 2 000 ლარს უდრის და მაშინდელი ეკონომიკური კრიზისის და გაჭირვების პირობაზე საკმაოდ მაღალი ანაზღაურებას წარმოადგენდა), ხოლო აგენტებს – 10 000 მანეთს.
ბიოგრაფია: პეტრე მიხეილის ძე ფავლენიშვილი
1920 წლის სექტემბრის ბოლოს ვლადიკავკაზში დიდი დიპლომატიური სკანდალი მოხდა: თერგის ოლქის საგანგებო კომისიის (ЧК) თანამშრომლებმა აგენტურული შეტყობინების საფუძველზე საქართველოს საკონსულოს დიპლომატიური კურიერი დააკავეს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ დიპლომატიურ ფოსტაში დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა აღმოაჩნდა. გაირკვა, რომ განძი რუსულ „ბურჟუაზიას“ ეკუთვნოდა, მდიდარ ოჯახებს, რომლებიც საბჭოთა რუსეთიდან ამ ქონებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, კავკავის საკონსულოს გავლით, საქართველოში აგზავნიდნენ. ვლადიკავკაზში საქართველოს კონსული ნათაძე იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა და მის მაგივრად, მალევე, ახალი კონსული – სამსონ წუწუნავა დაინიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა საქართველოს გენერალური შტაბის დაზვერვის მიერ ვლადიკავკაზში ახალი რეზიდენტად – სიო სეფერთელაძის დანიშვნა.
ბიოგრაფია: სიო ვლადიმერის ძე სეფერთელაძე
1920 წლის მარტში, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოხალისეთა არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ საბჭოთა რეჟიმი აღადგინა, სიო სეფერთელაძემ მალევე, როსტოვში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსულოში დიპლომატიურ კურიერად დაიწყო მუშაობა. მისი სამოქმედო არეალი, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ქალაქებზე – როსტოვზე, სტავროპოლზე, არმავირზე, ეკატერინოდარზე, პიატიგორსკზე და გროზნოზე ვრცელდებოდა. მასვე ჩამოჰქონდა ხოლმე დიპლომატიური ფოსტა ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით თბილისში. სეფერთელაძეს, რევოლუციური წარსულის გამო, ქართველ და რუს ბოლშევიკებთან ნაცნობობა აკავშირებდა და სამოქალაქო ომის და გართულებული გადაადგილების პირობებში, მას ეს ფაქტორი ხშირად ეხმარებოდა.
1920 წლის დეკემბერში თერგის სამხარეო საგანგებო კომისიას (ТерОбЧК), კვლავ თერგის ოლქის სამხარეო რევოლუციური კომიტეტის წევრი – კოტე ცინცაძე ჩაუდგა სათავეში. კოტე ცინცაძე ძველი ბოლშევიკი და გამოცდილი ტერორისტი იყო (კოტე ცინცაძე მოგონებებში სიამაყით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ ლენინთან საოცნებო პირველი შეხვედრის დროს, სტალინმა ბელადს მისი თავი ასე გააცნო – „კოტე ცინცაძე ძველი პარტიული მუშაკი და საუკეთესო ტერორისტი“). იგი 1918 წელს საქართველოდან გაძევებული იყო არალეგალური საქმიანობისთვის, თუმცა 1919 წელს დაბრუნდა და განსაკუთრებულმა რაზმმა ისევ დააპატიმრა.
1920 წლის 6 თებერვალს ცინცაძე, ფილიპე მახარაძესთან და რამდენიმე თანამზრახველთან, ციხის საავადმყოფოდან გაიქცა და მათ თავი ჩრდილოეთ კავკასიას შეაფარეს. თერგის სამხარეო „ჩეკას“ უფროსმა ცინცაძემ, კარგად იცოდა არალეგალური და კონსპირაციული მუშაობის მეთოდები; ჯერ კიდევ 1919 წელს, სანამ მოხალისეთა არმია ჩრდილოეთ კავკასიას დაიკავებდა, კოტე თერგის სამხარეო საგანგებო კომისიას ხელმძღვანელობდა. წითლებთან ერთად ვლადიკავკაზში დაბრუნების შემდეგ, ცინცაძე, რათქმაუნდა აშკარად ხედავდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს კარგად ორგანიზებული სადაზვერვო ქსელი მოქმედებდა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ვლადიკავკაზის ქართულ საკონსულოსთან, თუმცა მის წინააღმდეგ ჯერჯერობით აქტიურ ზომებს ვერ იღებდნენ.
1920 წლის ბოლოს ცინცაძემ, რომელიც სეფერთელაძეს პირადად იცნობდა, ეჭვი მიიტანა, რომ ქართული დაზვერვის რეზიდენტი ის უნდა ყოფილიყო, რადგან სიოს რევოლუციური წარსულის, ოფიცრობის და სამხედრო სამსახურის გამოცდილების დამსახურებით არ გაუჭირდებოდა სადაზვერვო ქსელის შექმნა და ხელმძღვანელობა. თუმცა, ამ „საიდუმლო ომის“ ფრონტზე, მხოლოდ სეფერთელაძე და ცინცაძე არ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და მასში მესამე მოთამაშე, წითელი მე-9 არმიის სამხედრო კონტრ-დაზვერვა, ტერორით სახელგანთქმული ე.წ „განსაკუთრებული განყოფილება“ (Особый отдел) და მისი ახალგაზრდა უფროსი – ლაზარ კოგანი იყო.
ბიოგრაფია: ლაზარ იოსების ძე კოგანი
1920 ნოემბერში, სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკის ოკუპაციის და პარალელურად საქართველოსთან ომის სამზადისში საბჭოთა რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ კავკასიაშიც გააქტიურეს კონტრ-დაზვერვითი ოპერაციები და გაართულეს საკონსულოების თანამშრომლების და დიპლომატიური ფოსტის მოძრაობის პირობები, განსაკუთრებით ლარსის სასაზღვრო პუნქტზე.
1920 წლის დეკემბერში, საბჭოთა რუსეთი აქტიურად ემზადებოდა საქართველოზე თავდასხმისთვის, თუმცა რიგი ფაქტორების გამო – პოლონეთთან გართულებული საბრძოლო ვითარების, აზერბაიჯანში განლაგებული მე-11 არმიის ფორმირების დაგვიანებისა და ქართული ჯარის და გვარდიის მობილიზაციის გამო, თავდასხმა დროებით გადაიდო.
ამის სახიფათო ძვრების შესახებ, საქართველოს არმიის გენერალური შტაბს, დაზვერვის რეზიდენტი – „კავკაველი“ აქტიურად ატყობინებდა. 1920 წლის 10 დეკემბრის მოხსენებაში იგი წერდა:
„ძალიან მძიმე პირობებში მიწევს მუშაობა, ადგილობრივი კონტრ-დაზვერვა ძლიერ მიშლის ხელს ცნობების მოპოვებაში. ნებისმიერი ღლაპი (აღარ ვლაპარაკობ სოლიდურ ქალბატონებზე მდიდრული ოჯახებიდან) ჩეკაში აგენტებად მსახურობენ. ყოველ ნაბიჯზე – მახეა. დაპატიმრებები ძველებურად გრძელდება, არავის არ უწევენ ანგარიშს. გეორგიევსკში დააპატიმრეს საკონსულოს რწმუნებული, თითქოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდისთვის. ყაზბეგში ცნობების გადაცემა მიწევს ზეპირად, ვინმეს საშუალებით, რადგან საზღვარზე უმკაცრესად ამოწმებენ ყველას გამონაკლისის გარეშე ვინც არ უნდა იყოს და რა დოკუმენტებითაც არ უნდა იყოს აღჭურვილი. სომხეთის უკანასკნელმა მოვლენებმა უფრო გაგვიუარესა პირობები, ამით ვხსნი თქვენთან არასრული ცნობების გადმოცემის მიზეზს. ხალხი, რომელსაც შეიძლება ენდო – თითქმის აღარაა. ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ორი აგენტია. თქვენი გამოყოფილი საშუალებები ჯერჯერობით საკმარისია. აქ გადმოცემული ცნობები უდავოდ ზუსტია.“
ცნობები, რომელსაც „კავკაველი“ შტაბს გადმოსცემდა მრავალფეროვანი იყო. მოპოვებული აგენტურული ინფორმაციის არეალი – თერგის ოლქიდან დაწყებული, ყუბანის და სტავროპოლის მხარით გაგრძლებული, უკრაინამდეც კი ვრცელდებოდა. იგი დაწვრილებით გადმოსცემდა თერგის ოლქში განლაგებული ჯარების სახეობას, რაოდენობას, შეიარაღების და მოძრაობის მიმართულებებს. „კავკაველის“ სადაზვერვო ცნობები მოიცავდა სამოქალაქო ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის აღწერასაც, ასევე ლარსის სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის მდგომარეობას და მის შემადგენლობას, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს და აჯანყებული რაზმების მოქმედებების შედეგებს:
- „1920 წ. 4 დეკემბერი: დასახლებული პუნქტების დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი უდავოდ მტრულია და როგორც კი დაიწყება სურსათისა და ტანსაცმლის გაწერა და სხვა ბეგარები აჯანყება ისევ გარდაუვალია. ის რომ მთის მოსახლეობა მტრულადაა განწყობილი ადვილად გასაგებია იმითაც, რომ ყველა ცდილობს შეიარაღდეს და მზად არიან უკანასკნელი ცხენიც კი მისცენ ოღონდ იარაღი იშოვნონ. მაუზერის რევოლვერში აძლევენ ცხენს, ნაგანში ძროხას“…
- „12 დეკემბერი: ვლადიკავკაზი. გეორგიევსკის რაიონში აჯანყებულმა 500 მხედარმა ალყა შემოარტყა სტანიცა პიგუშინოს, არც შიგნით და არც გარეთ არავის უშვებდნენ. ასე გასტანა სამმა დღემ. დახვრიტეს 50 კომუნისტი და სასურსათო აგენტი, აიღეს ყველაფერი რაც სჭირდებოდათ და წავიდნენ. იგივე გააკეთეს მიყოლებით სტანიცებში, მარინსკაიაში და ნოვო-ალექსეევკაში. აჯანყებულებს აქვთ რამდენიმე ტყვიამფრქვევი. ისინი ბრძოლაში არ შედიან. საპასუხოთ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა წითელი ტერორი.“
მნიშვნელოვანია, რომ „კავკაველმა“ მოახერხა გაეშიფრა ჩეკისტების ტაქტიკა, როდესაც ისინი თავიანთ აგენტებს ჯერ აპატიმრებდნენ და შემდეგ განთავისუფლებულები საქართველოს საკონსულოს „პოლიტიკური დევნის“ გამო თავშესაფარს სთხოვდნენ, რასაც შეცდომაში შეყვანილი კონსული იოლად თანხმდებოდა. „კავკაველმა“ ასევე მოახერხა გაეგო, რომ საბჭოთა აგენტების საქართველოში შემოსასვლელი ნებართვების მიმცემი საქართველოს შსს საქმის მწარმოებელი ვინმე შაკოვი იყო და დარწმუნდა, რომ ის საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.
გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის გამო საკონსულოს მდივანი სეფერთელაძე საქართველოში ხშირად გადმოსვლას ვეღარ ახერხებდა; დიპლომატიური ფოსტითაც სადაზვერვო ხასიათის მასალის გაგზავნა საფრთხილო იყო, რადგან ჩეკისტები და განსაკუთრებული განყოფილების თანამშრომლები ხშირად არღვევდნენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის უფლებას. სეფერთელაძე მოპოვებულ ცნობებს წერილობითი მოხსენებების ფორმატით მომზადების პარალელურად, სანდო პირების საშუალებით, ზეპირად, მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას ყაზბეგის კონტრ-დაზვერვის პუნქტს. იგი თავის ერთერთ ბოლო წერილობით მოხსენებაში სთხოვდა გენერალურ შტაბს, როგორმე შეეტყობინებინათ, რამდენად ზუსტად მოდიოდა ყაზბეგში ზეპირი ცნობები.
1920 წლის დეკემბერში საქართველოსთან გამწვავებული სიტუაციის გამო სეფერთელაძე გრძნობდა, რომ მის გარშემო რკალი ვიწროვდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი წითელი არმიის ნაწილები აქტიურად ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის. ომის დაწყების შემთხვევაში საკონსულოს დაპატიმრება ან დარბევა ელოდა და დაპატიმრების შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებდნენ შემადგენლობაში დაზვერვის რეზიდენტის ძებნას.
სეფერთელაძემ საშვი გაუმზადა ვლადიკავკაზში ახლად ჩასულ დიპლომატიურ კურიერ ლორთქიფანიძეს და 4 იანვარს თვითონაც მიმართა მე-9 არმიის განსაკუთრებულ განყოფილებას, რომელიც საზღვრის გადაკვეთის ნებართვას გასცემდა. 1920 წლის 7 იანვარს, როდესაც ლორთქიფანიძე საქართველოში წამოვიდა, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე ასეთი სცენა გათამაშდა: ლორთქიფანიძემ წინასწარ შეატყობინა განსაკუთრებული განყოფილების უფროსის მოადგილეს – გორლინს მისი გადაადგილების დრო და საზღვარზე მისულს მას გორლინი და განყოფილების უფროსი კოგანი დახვდნენ. სასაზღვრო პუნქტის დახურულ ოთახში, სხვების დაუსწრებლად კოგანმა, გორლინმა და ლორთქიფანიძემ დიპლომატიური პაკეტი ლუქის დაუზიანებლად გახსნეს და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი სადაზვერვო მოხსენებების ამოღების სცენა დადგეს ისე, რომ აქტიც არ შეუდგენიათ. ლორთქიფანიძე, რომელიც აშკარად კოგანის სასარგებლოდ მუშაობდა, დაუბრკოლებლად გადმოვიდა საქართველოში.
16 იანვარს სიო სეფერთელაძემ ვლადიკავკაზი დატოვა და საქართველოსკენ წამოვიდა, თუმცა სასაზღვრო პუნქტზე იგი პირადად განსაკუთრებული განყოფილების უფროსმა კოგანმა დააკავა და ვლადიკავკაზში ჩაყვანის შემდეგ შპიონაჟის ბრალდება წაუყენა. დაპატიმრებული სეფერთელაძე სასტიკად უარყოფდა ბრალდებას და მოითხოვდა, რომ იგი პირადად კოგანს დაეკითხა. ლაზარ კოგანის სახელზე დაწერილ თხოვნებში სეფერთელაძე რამდენჯერმე მიანიშნებს, რომ დიდი ხანია მას კარგად იცნობს და შეახსენებს, წლების წინ თვითონაც როგორ იჯდა სიკვდილმისჯილების საკანში, სთხოვს შეხვედრას და მოუწოდებს, რომ -კანონებით იხელმძღვანელოს და არა პირადი განწყობით. გამოძიება ცდილობდა სეფერთელაძის აღიარების გარდა მისგან ინფორმაცია მიეღო ვიცე კონსულ კონჩუხიძეზე და უცნობ ტელეგრაფისტზე, რომელიც გროზნოში მუშაობდა და „კავკაველის“ აგენტად თვლიდნენ, თუმცა სეფერთელაძემ არცერთის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდათ.
ოკუპაციის შემდეგ
1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სსრ ხელისუფლების ორგანოების მოთხვნით დაიწყო რსფსრ ტერიტორიაზე დაპატიმრებული საქართველოს წარმომადგენლების მათთვის გადმოცემის პროცესი. 1921 წლის 28 მარტს ლაზარ კოგანმა სეფერთელაძეს განუცხადა, რომ ის იგზავნება საქართველოს სსრ ხელისუფლების განკარგულებაში და გამოცხადებული ამნისტიის პირობებში შესაძლებელი იყო გაეთავისუფლებინათ კიდევაც. აპრილის შუა რიცხვებში სეფერთელაძე საქართველოში გადმოგზავნეს. თუმცა,სეფერთელაძეს თბილისში საქართველოს საგანგებო კომისიის ახალი თავმჯდომარედ „ძველი ნაცნობი“ – კოტე ცინცაძე დახვდა, რომელმაც „საქჩეკას“ პირველი, ფორმალური თავმჯდომარე – გიორგი ელისაბედაშვილი მარტის შუა რიცხვებში შეცვალა.
საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის კომენდატურაში მოთავსებული სეფერთელაძის ხანგრძლივმა და მძიმე დაკითხვებმა შედეგი არ გამოიღო: იგი მტკიცედ უარყოფდა დანაშაულს, ითხოვდა პირადად კოტე ცინცაძეს დაეკითხა და აშკარად ცდილობდა მიენიშნებინა მის საქმეში ლაზარ კოგანის პირად დაინტერესებაზე. სეფერთელაძის მხრიდან ჩეკას სახელზე დაწერილ განცხადებებში, კოგანზე დამაინტრიგებელი მინიშნებები, რომ ამხანაგი ლაზარი მისი შპიონაჟში დადანაშაულებით და განადგურებით ძალიან იყო დაინტერსებული და სურვილის შემთხვევაში ჩეკა ადვილად გაარკვევდა ამის მიზეზს, სავარაუდოდ სეფერთელაძის უკანასკნელი განწირული მცდელობა იყო, გამოძიების ყურადღება მისი და კოგანის ძველ კავშირებზე გადაეტანა, რაც საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს გააჩენდა – თავად მრისხანე „განსაკუთრებული განყოფილების“ შეფი ხომ არ იყო დაკავშირებული ქართულ დაზვერვასთან და ახლა უხერხული მოწმის თავიდან მოშორებას ხომ არ ცდილობდა?
სეფერთელაძის „ანკესმა“ არ იმუშავა. კოტე ცინცაძეს იგი არც გასასაუბრებლად მიუღია და არც დაუკითხავს, თუმცა მისი საწინააღმდეგო ჩვენება პირადად მისცა სეფერთელაძის საქმის გამომძიებელს – კოტანოვს.
1921-1922 წლების განმავლობაში, საქართველოს სსრ ჩეკა, კოტე ცინცაძის ხელმძღვანელობით სასტიკი დღის წესრიგით მოქმედებდა – მთელი მობილიზებით ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების იმ თანამშრომლებზე და აგენტებზე ნადირობას, რომლებიც ემიგრაციაში არ წავიდნენ და ოკუპირებულ საქართველოში დარჩნენ. მათი დაპატიმრების, საჭირო ინფორმაციის ამოქაჩვის შემდეგ კი, საგამოძიებო საქმეების სწრაფი და ზედაპირული ფორმულირებით, ამნისტიის დეკრეტის სრული უგულვებელყოფით, ამ ადამიანთა უმრავლესობა დახვრიტეს, ხოლო იშვიათი გამონაკლისები კი გადაიბირეს და დაიქვემდებარეს.
1921 წლის 16 ივლისის დასკვნით საბრალდებო დადგენილებაში, სეფერთელაძის საქმის გამომძიებელი კოტანოვი აღნიშნავდა:
„ყველა იმ ცნობებს, რომელიც განსაკუთრებულმა განყოფილებამ ამოიღო, წერდა საქართველოს საკონსულოს მდივანი სეფერთელაძე. შეტყობინებებს ბეჭდავდა და ხელნაწერებს სიფრთხილის გამო წვავდა. ცნობებს ხელს აწერდა ფსევდონიმით „კავკაველი“ თერგის ოლქის განსაკუთრებული განყოფილების მიერ მიღებული ყოველგვარი ზომების მიუხედავად სიო სეფერთელაძემ არ აღიარა დანაშაული. განსაკუთრებულმა განყოფილებამ განიხილა საქმე და დაპატიმრებულთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს საგანგებო კომისიის განკარგულებაში. აქაც, სეფერთელაძე დაკითხვებზე მტკიცედ უარყოფდა დანაშაულს. დაკითხვებზე თავი ეჭირა გამომწვევად და საუბრობდა მხოლოდ მის უპირატესობებზე. ვიღებთ რა მხედველობაში, რომ სეფერთელაძე ყოფილი ოფიცერია და ჯაშუშური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იგი წარმოადგენს აშკარად მავნე ელემენტს საბჭოთა წყობისთვის. მისი დანაშაულებრივი საქმიანობა ჩაითვალოს დამტკიცებულად და დაიხვრიტოს. საქმე გამოძიებითურთ შეწყდეს და ჩაბარდეს არქივს.“
დახვრეტის განაჩენი, წესისამებრ, მალევე მოიყვანეს სისრულეში.
ეპილოგი
ტოტალიტარული რეჟიმის „ჟანრის კანონით“, მომდევნო წლებში „კავკაველის“ დამსჯელების რიგიც დადგა:
კოტე ცინცაძე 1922 წლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ. მის ხელში გაიარა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველაზე აქტიური ადამიანების საქმეებმა და მათი უმრავლესობა ფიზიკურად გაანადგურეს. საქართველოს კომუნისტურ პარტიაში დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ცინცაძე ე. წ „ნაციონალ-უკლონისტებს“ მიემხრო, რის გამოც სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს ჩამოაცილეს და ფორმალურ – უმნიშვნელო სამუშაოზე ჩამოაქვეითეს. 1926 წელს, მორიგი, უფრო მასშტაბური განხეთქილებისას კოტე კვლავ დააპატიმრეს, როგორც საქართველოში „ტორცკსიტული ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ლიდერი და 1928 წელს გადაასახლეს ყირიმში. შავი ზღვის საკურორტო ჰავამ, მაინც არაფერი არგო მის გართულებულ ტუბერკულიოზს და ის 1931 წელს გარდაიცვალა. მისი სახელი, საბჭოთა რეჟიმის არსებობის ბოლომდე საგულდაგულოდ იყო ამოშლილი საბჭოური ისტორიის ძირითადი და ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
ლაზარ კოგანი 1921 წელს, კოტე ცინცაძის საქართველოში გადმოსვლის შემდეგ დაინიშნა თერგის ოლქის საგანგებო კომისიის უფროსად და შემდგომ წლებში მუშაობდა საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. იგი ითვლება საბჭოური „გულაგის“ – პატიმართა იძულებითი შრომის მასობრივი დანერგვის ერთ-ერთ ინიციატორად. კოგანი1936-1937 წლებში დააწინაურეს და სსრკ სატყეო მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ გადაიყვანეს. 1936 წლის აგვისტოდან ასევე იყო მოსკოვი-ვოლგის არხის მშენებლობის უფროსი. „დიდი საბჭოთა ტერორის“ დროს მისი რიგიც დადგა – 1938 წლის 31 იანვარს დააპატიმრეს და სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით დახვრიტეს 1939 წლის 3 მარტს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
ეპილოგი საუკუნის შემდეგ
ქართულ-რუსული სპეცამსახურების ომში ჩრდილო კავკასიის ზონაში, მკითხველისათვის, საინტერესო ისტორიული პარალელები თანამედროვეობასთან, 2006 წლის სექტემბრიდან იღეს სათავეს, როდესაც საქართველოს შსს კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტმა სამხედრო-ანალიტიკური ინფორმაციების შეგროვების და ქალაქ გორში ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის, თბილისში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცრები – პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე სავა და პოდპოლკოვნიკი დიმიტრი კაზანცევი,ხოლო ბათუმში მეორე რანგის კაპიტანი – ალექსანდრე ზაგოროდნი, მაიორი – ალექსანდრე ბარანცევი და კიდევ რამდენიმე ოფიცერი დააკავა და ისინი საქართველოდან საჯაროდ გააძევეს.
გამწვავებული საიდუმლო ბრძოლის ერთერთი საინტერესო ეპიზოდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე 2008 წლის 28 ივნისს მოხდა, როდესაც ვლადიკავკაზში საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის რეზიდენტი – ზაზა ხერკელაძე დააკავეს. მასთან ერთად დააპატიმრეს რუსული არმიის ქართული წარმოშობის მაღალჩინოსანი ოფიცრები – ხვიჩა იმერლიშვილი და მარლენ ბოგდანოვი (ბალაშვილი) რომელთაც საქართველოსთვის საიდუმლო დოკუმენტაციის გადაცემა ედებოდათ ბრალად. ამავე დროს, ასევე დააკავეს კიდევ რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც საქართველოს სასარგებლოდ მუშაობაში დასდეს ბრალი, მათგან ყველაზე გახმაურებული იყო რუსული არმიის ოფიცრის – მიხეილ ხაჩიძის დაკავება. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლო მასალების გადაცემა მოასწრო ქართველებისთვის. ხაჩიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, პიატიგორსკში დააკავეს, წოდება ჩამოართვეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ასევე გაასამართლეს – ჯემალ ნაკაიძე, ზურაბ ალხაშვილი და რამაზ თურქოშვილი, ყაზბეგელი – ბადრი ქუშაშვილი, ახალგორელი ტაქსის მძღოლი – ალექსანდრე ხაჩიროვი და ცხინვალელი – ედუარდ გობოზოვი. ზაზა ხერკელაძის გარდა ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო.
ზაზა ხერკელაძე, ხვიჩა იმერლიშვილი და მარლენ ბოგდანოვი 2010 წელს გაასამართლა როსტოვში, ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ და 25 მარტს ხერკელაძეს ჯაშუშობისთვის – 11 წლით პატიმრობა, ხოლო იმერლიშვილს და ბოგდანოვს ღალატისთვის – 13 და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 2008-2011 წლებში, რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა კიდევ რამდენჯერმე განაცხადა ქართველი მზვერავების დაკავების შესახებ. ერთერთი გახმაურებული შემთხვევა 2011 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერი – დავით ალიევი. 2011 წელსვე ჩაატარა საქართველოს შსს კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტმა ცნობილი ოპერაცია „ენვერი.“
ზაზა ხერკელაძე 2014 წელს მოლაპარაკებების შედეგად პატიმრობის ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს და საქართველოს გადმოსცეს, რის შემდეგაც მასზე ინფორმაცია აღარ იძებნება. დღემდე გაურკვეველია რა ბედი ეწიათ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაპატიმრებულ რუსეთის სხვა მოქალაქეებს.
[1]რომელიც ოკუპაციის შემდგომ ემიგრაციაში იყო წასული.
[2] ნიკოლოზ მარკოზაშვილის ტრაგიკულ ბედზე სტატიას, ცალკე შევთავაზებთ მკითხველს.