ინტერნეტგამოცემა EUObserver-მა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ნახა ევროკავშირის შიდა დოკუმენტი, სადაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან უკმაყოფილებაა გამოთქმული ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოს მოქალაქეების არასანქცირებული ყოფნისა და თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადების გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ქვეყნების სიის სათავეში გერმანიაა. დოკუმენტის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადები 51%-ით გაიზარდა. გამოცემის თანახმად, საქართველოს შესახებ უკმაყოფილება საფრანგეთმაც გამოთქვა.
ამავე ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქტიურად განიხილავენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის საკითხს, რომლის თანახმადაც, თუ ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალური ყოფნისა და თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რაოდენობა 50%-ს გადააჭარბებს, ამას, შესაძლოა, კვლავ სავიზო რეჟიმზე გადასვლა მოჰყვეს.
საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წელს მიენიჭა. შედეგად, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში 180-დღიან პერიოდში 90 დღით საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური მიზნებით მიემგზავრებიან, ვიზები აღარ სჭირდებათ. ევროკავშირი-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო.
2021 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად და განაგრძო საინფორმაციო კამპანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებებსა და ვალდებულებებზე.
თუმცა, იმავდროულად, კომისიამ მოუწოდა საქართველოს, შემდგომი ნაბიჯები გადადგას ოთხი მიმართულებით, მათ შორისაა – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების საკითხის მოგვარება; ანტიკორუფციული ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდა; უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის ბოლომდე მიყვანა და ქვეყნის სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო სისტემასთან დაახლოება.
გარდა ამისა, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა უზენაესი სასამართლოს რეფორმის დასრულების მნიშვნელობასაც, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა შესაბამისობაში მოვიდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროა დასრულდეს პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, „გაიმიჯნოს გამომძიებელთა და პროკურორთა ფუნქციები“.
საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არათუ გაზრდილია, არამედ 75%-ით შემცირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტატიაში საუბარი არა კონკრეტულად საქართველოზე, არამედ მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა.
„ეს ძალიან დიდი ტყუილია“, – თქვა ზალკალიანმა და დასძინა, რომ „არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის“.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ასრულებს და დაარწმუნა მოსახლეობა, რომ „არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით არ ამოქმედდება“.
საგარეო უწყების ხელმძღვანელისვე თქმით, ეს ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც უარყო.
შენიშვნა: მასალა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შესაბამისად განახლდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)