Site icon Civil.ge

სუს-ში ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის „რეალურ საფრთხეზე“ საუბრობენ

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, ფოტო: კადრი „მთავარი არხის“ ვიდეოდან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შესაძლოა, არსებობდეს“, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთით მკვლელობის „რეალური საფრთხე“.

მისივე განცხადებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს „მთავარი არხის“ დირექტორი უწყებაში დაიბარეს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს.

„გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია [მასთან] ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ. მას ჟურნალისტის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ნიკა გვარამიას პასუხი

სუს-ის წარმომადგენლის განცხადება მოახლოებული არჩევნების წინ, „საზოგადოების და განსაკუთრებით მედიასაზოგადოების დაზაფვრის“ მცდელობად შეაფასა თავად „მთავარი არხის“ დირექტორმა და მგელაძე იმ ინფორმაციის გახმოვანებისთვის გააკრიტიკა, რისი გაუთქმელობის პირობაც მისგან აიღეს.

სუს-ის განცხადების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ნიკა გვარამიამ ამბის წინაისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსული პირების მხრიდან „სნაიპერული შაშხანით“ მისი მკვლელობა იგეგმებოდა.

გვარამიას განცხადებით, უცხოელ დიპლომატებთან კონსულტაციის შემდეგ, მან აღნიშნულის შესახებ სუს-ს აცნობა. შედეგად უწყებამ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მას სახელმწიფო დაცვაც მიუჩინა. გვარამიამ ისიც აღნიშნა, რომ სუს-დან მას ეუბნებოდნენ, რომ „ინფორმაცია სერიოზული“ არ აღმოჩნდა, გამოძიება გრძელდებოდა, მაგრამ მისი მკვლელობის მცდელობის ვერსიას „პრინციპში“ გამორიცხავდნენ.

თუმცა, გვარამიას თქმით, დღეს საგამოძიებო უწყებაში მისულს უთხრეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დასტურდება და რომ შესაბამისი „ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია“. „მთავარი არხის“ დირექტორის თქმით, მას დაცვა გაუორმაგეს.

„ველოდები, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი“, – თქვა ნიკა გვარამიამ და საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ საზოგადოების „არც დაზაფვრა გამოვა და არც ირიბი მინიშნებები სხვა ჟურნალისტებზე არ იმუშავებს“. მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ დაშინების მიზნით, მისთვის ერთი თვის წინ მიწოდებული ინფორმაცია თავად „სუს-ის მიერ იყო პროვოცირებული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)