Site icon Civil.ge

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოვიდა, შსს ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფოტო: სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ვიდეოდან

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტმბერს განაცხადა, რომ  საქართველოში ჩამოვიდა.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც გვიან ღამით არის გადაღებული, სააკაშვილი მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ქალაქ ბათუმიდან მიმართავს. მანამდე, მან 2 ოქტომბრით დათარიღებული კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა და თქვა, რომ მალე თბილისში იქნებოდა.

მედიის ცნობით, შსს ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ვიდეომიმართვისას, ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობისა და ნიკა მელიას, ასევე იმ „სხვა პატარა პარტიების“, მხარდაჭერისკენ მოუწოდა, „რომელიც გესიმპატიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად“.

„არ მივცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას. არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან“, – დასძინა მანვე.

სააკაშვილმა ამომრჩევლებს, 3 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენაც მოუწოდა.

„თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. „მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით“, – დასძინა მანვე.

„3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართული ოცნების გამოხმაურება

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „არსებობს უტყუარი ინფორმაცია“, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, „შემძვრალია სადღაც სოროში, ემალება ყველას, რომ შექმნას ილუზია, თითქოს არის საქართველოში“. მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები არის ე.წ. „დიპფეიკი“, რომლის დადგენაზეც „ტექნიკოსები მუშაობენ“.

მდინარაძემ ასევე დასძინა, რომ „როგორც კი [სააკაშვილი] ფეხს ჩამოადგამს [საქართველოში] იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს მისი ადგილი – [ციხეში]“.,

ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ცნობები უარყო ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული ვიდეოები „არ არის ჩაწერილი საქართველოში“.

კობახიძის განმარტებით, ამგვარი ქმედებით მიხეილ სააკაშვილს „უნდა, რომ თავის თავზე მიიწეროს ის 25%-იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ [ენმ-მ]“.

შენიშვნა: მასალა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)