Site icon Civil.ge

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 30 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სოციალური მედიის მონიტორინგის მე-2 შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ის Facebook-ზე გამოქვეყნებული 1 219 პოსტის ანალიზს მოიცავს.

ორგანიზაციის განცხადებით, აქტიური იყო არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 318 ოფიციალური ორგანიზაციული Facebook-ის გვერდი, რომელთა უმრავლესობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნოდა, მას ყოფილი პრემიერის პარტია საქართველოსთვის მოსდევდა.

რაც შეეხება მერობისა და საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს, „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, ჯამში მათი Facebook-ის 228 გვერდი იყო აქტიური. დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, აქტივობით ანა დოლიძის გვერდი გამოირჩეოდა. მას კახა კალაძის, ნიკა მელიასა და ანა ბიბილაშვილის გვერდები მოსდევდნენ. ინტერაქციის მხრივ კი – კახა კალაძის გვერდი ლიდერობდა.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებისა და ქართული ოცნების წინააღმდეგ Facebook-ის 19 გვერდზე ჯამში 701 პოსტი გამოქვეყნდა. ოპოზიციის წინააღმდეგ კი – 26 გვერდი მოქმედებდა, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციისკენ მიმართული 393 პოსტ განთავსდა. დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ პოსტებს 4.4-ჯერ მეტი ინტერაქცია ჰქონდათ, ვიდრე ქართული ოცნების საწინააღმდეგოებს.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, დაკვირვების ობიექტ გვერდებზე მედიის მიმართ ნეგატიური 107 პოსტი გამოქვეყნდა, საიდანაც 96 ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე განთავსდა და ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიებს – „მთავარი არხს“, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას მიემართებოდა. ამასთან მედიის საწინააღმდეგო 11 პოსტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო გვერდებზე გამოქვეყნდა და მათი უმეტესოსა ტელეკომპანია „იმედს“ ეხებოდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით 13 პოლიტიკური სუბიექტის აქტივობები შეინიშნებოდა სოციალურ ქსელ „ტიკტოკზეც“. ამასთან, ამავე პლატფორმაზე საარჩევნო კამპანიაში 25 ანონიმური არხიც იყო ჩართული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)