ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 259 273 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 7.41%-ია.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 11.2% – რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 6.1% – ქვემო ქართლის რეგიონში. თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 7% (70 599 ამომრჩეველი) იყო.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 6.74% იყო, საბოლოო აქტივობამ კი 45.65% შეადგინა.
ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 664 უბანია გახსნილი.
ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)