საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), დღეს, 3 664 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო და პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან თბილისში 1 002 900.
ცესკოს ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემისთვის 9 უბანია შექმნილი, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის კი – 73 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის მოთხოვნით ცესკოსთვის 25-27 სექტემბრის შუალედში თავად უნდა მიემართათ.
დღეს ამომრჩევლები 64 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში მერებსა და ჯამში საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ის მაჟორიტარული წესით) აირჩევენ.
დედაქალაქის მერობისთვის ჯამში 16 კანდიდატი იბრძოლებს, კიდევ 4 თვითმმართველი ქალაქის თავკაცობის სურვილი 24-მა კანდიდატმა გამოთქვა. დანარჩენ 59 მუნიციპალიტეტში სულ 241 კანდიდატია რეგისტრირებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში 43 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა. ჯამში, პარტიული სიით რეგისტრირებულია 20 827 კანდიდატი (მათ შორის, 1 731 თბილისში), მაჟორიტარობის სურვილი კი – სულ 2 769 კანდიდატმა გამოთქვა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან – საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი; 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 024 საერთაშორისო დამკვირვებელი.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატების სრული სია
- თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს
- დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების სია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)