Site icon Civil.ge

პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფოტო: სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ვიდეოდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“.

მანამდე, მამრთველი გუნდის წევრები სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ ცნობებს უარყოფდნენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია უკრაინიდან საქართველომდე სააკაშვილის მარშრუტის შესახებ და დაკავებისთვის შესაბამისი დრო შეარჩია, რათა ოპერაციის მინიმალური შეფერხება უზრუნველეყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, როდის და სად განხორციელდა ექს-პრეზიდენტის დაკავება.

დაკავების შემდეგ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის თბილისშია და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ მალე დააკავებდნენ. ვიდეო, სავარაუდოდ, დაკავებამდე გადაღებული.

ექს-პრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ მივიდნენ და ხმა მისცენ 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს დატოვა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რამდენიმე ბრალდებით იძებნებოდა. 2018 წელს ყოფილ პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლების სანდრო გირგვლიანის გახმაურებულზე საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გაგრძელება იქნება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)