უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში საქართველოს ელჩი დაიბარა.
1 ოქტომბერს ნიკოლენკომ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს, რომ ქართველი დიპლომატისგან „ოფიციალური ინფორმაცია მიიღოს დაკავების მიზეზებისა და გარემოებების შესახებ“.
Бачимо інформацію в ЗМІ про затримання громадянина України Міхеіла Саакашвілі в Грузії. До Міністерства закордонних справ запрошено керівника посольства Грузії в Україні для отримання офіційної інформації про підстави та обставини такого затримання.
— Oleg Nikolenko (@OlegNikolenko_) October 1, 2021
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი ამ პოსტზე 2020 წლის მაისში დანიშნა.
ამ გადაწყვეტილებას მაშინ თბილისსა და კიევს შორის ერთწლიანი უთანხმოება მოჰყვა. თუმცა, 2021 წლის აპრილიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანდათან თბება.
ზელენსკის რეაგირება
პრეზიდენტ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „შეშფოთებულია ამ ინფორმაციითა და საქართველოში სიტუაციის შესაძლო განვითარების შესახებ გაკეთებული განცხადებების ტონით“.
ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს „გაარკვიოს ყველა გარემოება და მიზეზი, რამაც უკრაინის მოქალაქის მიმართ ამგვარი ნაბიჯის გადადგმის საჭიროება განაპირობა“.
მისივე თქმით, თბილისში უკრაინის საელჩოს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ.
სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს საღამოს მას შემდეგ დააკავეს, რაც რამდენიმე საათით ადრე, Facebook-ზე 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მას ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს დატოვა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რამდენიმე ბრალდებით იძებნებოდა.
2018 წელს ყოფილ პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლების სანდრო გირგვლიანის გახმაურებულზე საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
- თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა
- დავით ზალკალიანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევში ვიზიტი დაასრულა
- საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი შექმნეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)