Site icon Civil.ge

დედაქალაქის მერობის კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს

დედაქალაქის მერობის კანდიდატებმა, მათ შორის, კახა კალაძემ, ნიკა მელიამ, გიორგი გახარიამ, ანა დოლიძემ და ანა ბიბილაშვილმა დღეს საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს და მედიასთან პირველი კომენტარები გააკეთეს.

კახა კალაძე – ქართული ოცნება: „მე ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. დარწმუნებული ვართ, ჩვენს მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული და შემდეგი 4 წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი“.
დედაქალაქის მოქმედი მერი და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური
ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა და მარტივია ასახსნელად ყველასთვის, თუ რას დავუჭირე მხარი. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს; ვისაც არ სურს, ოლიგარქიული წეს-წყობილება გაგრძელდეს; ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს, თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები; ვისაც არ სურს, ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ღერძი იყოს უსამართლობა – ვფიქრობ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს… ვერცერთი ზონდერი და მოკრიმინალო ელემენტები ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევენ. ეს არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს მომდევნო 10-15 წლის განვითარების პერსპექტივას“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, ფოტო: კადრი „მთავარი არხის“ ვიდეოდან
ანა დოლიძე – ხალხისთვის: „მე მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება. საქართველოს სჭირდება ცვლილებები, რომ მივხედოთ საქმეს და ვიზრუნოთ წინსვლაზე. ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ის თამაში, რასაც დღეს ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ყველა ერთად ვიქნებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ უნიათო და არაფრის მაქნის ხელისუფლებას საბოლოოდ დავემშვიდობოთ“.
პარტია ხალხისთვის თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე, ფოტო: პარტია ხალხისთვის პრესსამსახური
ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „გავაკეთე არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ, იმისთვის რომ დასრულდეს სიღარიბე, უიმედობა და ურთიერთდაპირისპირება. თითოეული თქვენგანის ხმა არის მნიშვნელოვანი და ამიტომ დღეს უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენს ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც დღეს უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა, რადგან ქვეყანა არის მათი და მათ უნდა იგრძნონ თავი მშვიდად და დაცულად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის, ამის გარანტიას გვაძლევს საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან საარჩევნო პროცესს“.
ლელო საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, ფოტო: ბიბილაშვილის Facebook-დან

    ასევე წაიკითხეთ:

    This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)