Site icon Civil.ge

აფხაზეთში „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გადადგომას ითხოვენ 

მოქალაქეები სოხუმში „პარლამენტის“ წინ შეიკრიბნენ, 1 ოქტომბერი, 2021, ფოტო: კადრი ტელეკომპანია „აბაზას“ ვიდეოდან

მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს, ოკუპირებული რეგიონის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აფხაზეთიდან გაძევების 28 წლისთავის აღნიშვნის დღეს, სოხუმის ცენტრში სროლა იყო, აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ დმიტრი დბარის გადადგომის თაობაზე მოთხოვნები სულ უფრო ინტენსიური ხდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტში, ერთი მხრივ, აფხაზი დეპუტატი გარი კოკაია და ომის ვეტერანები ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟადან, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, დმიტრი დბარი მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ მომდევნო დღეს განაცხადა, რომ კოკაიამ საკუთარი იარაღიდან ხუთჯერ გაისროლა ჰაერში გამვლელების თანდასწრებით და პოლიციის თანამშრომლების მიმართ „აშკარა აგრესია“ გამოავლინა. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დეპუტატმა უგულებელყო პოლიციის მოთხოვნა იარაღის ჩაბარების თაობაზე და კონფლიქტის შემდეგ ინციდენტის ადგილი დატოვა.

თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების სახელზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში, სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლებმა და ომის ვეტერანებმა შეშფოთება გამოხატეს დბარის და სამინისტროს სხვა წარმომადგენლების „დანაშაულებრივი ქმედებების“ გამო.

წერილში მათ დბარის და მისი ქვეშევრდომების თანამდებობიდან გათავისუფლება, ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავეთა დაუყონებლივ დაკავება მოითხოვეს.

1 ოქტომბერს გამართულ საგანგებო სხდომაზე, რომელსაც 19 დეპუტატი ესწრებოდა, პარლამენტმა ჩააგდო რეზოლუცია გამოძიების პერიოდში დბარისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

იმავდროულად, ოკუპირებული რეგიონის პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი, მათ შორის, სოფელ აძიუჟბას მცხოვრებლები შეიკრიბნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა და ვეტერანებმა მოუწოდეს მათ, რომ 4 ოქტომბრამდე მოეცადათ, მალევე დაიშალნენ.

კიდევ ერთ ინციდენტს 30 სექტემბერი-1 ოქტომბრის ღამით ჰქონდა ადგილი, რომელშიც კიდევ ერთი აფხაზი დეპუტატი ალმასხან არძინბა უკანონოდ შენახული იარაღიდან ჰაერში 20-ჯერ გასროლასა და „შს სამინისტროს“ შენობის წინ უცენზურო სიტყვების გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.

ოკუპირებულ რეგიონში ორივე ინციდენტს სწავლობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)