Site icon Civil.ge

მარნეულის საარჩევნო უბნის წინ ლეიბორისტული პარტიის წევრი დაჭრეს 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას #52 საარჩევნო უბანი, ფოტო: კადრი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეოდან

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე 52-ე საარჩევნო უბნის წინ დღეს ლეიბორისტული პარტიის წევრი ეივაზ მამედოვი დანით დაჭრეს. პოლიცია ინციდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მამედოვსა და თავდამსხმელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამავე ინფორმაციით, ჩხუბის დროს მამედოვი მუცლის არეში დაჭრეს, თუმცა დაზიანებები თავად თავდამსხმელმაც მიიღო.

„ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ლეიბორისტული პარტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალი ბადიროვმა განაცხადა, რომ მამედოვი „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა აქტივისტმა პოლიტიკურ ნიადაგზე დაჭრა.

„მან [თავდამსხმელმა] ეს გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ ეივაზ მამედოვი ჩემს აქტიურ მხარდაჭერას ახორციელებდა. მიზეზი სწორედ ეს იყო კონფლიქტის“, – განაცხადა ბადიროვმა.

მამედოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბადიროვის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)