Site icon Civil.ge

ოპოზიცია ეგზიტპოლების შედეგებს აფასებს და ხმების დაცვის პირობას დებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებული საბურთალოს#2 საარჩევნო უბანი, 2 ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

სამი ტელეკომპანიის – „იმედის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეაფასეს, თქვეს, რომ მმართველმა გუნდმა დედაქალაქი „პირწმინდად“ წააგო და ამომრჩევლებს თითოეული ხმის დაცვის პირობა მისცეს.

ქვემოთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებია მოცემული:

ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქი და საკრებულო იქნება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. მერის არჩევნების ნაწილში – აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში. ახლა მთავარი არის ერთადერთი რამ – ვიდრე ვსაუბრობთ, მომდევნო ორი საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ. არ მივცეთ მანიპულაციის საშუალება ქართულ ოცნებას არა მხოლოდ თბილისში. ჩვენ არ ვიცით შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ქალაქში და სოფელში ათასობით დამკვირვებელი, წარმომადგენელი და კომისიის წევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის და მათ სჭირდებათ გამხნევება, მათ სჭირდებათ ახლა გვერდში დგომა“.

ანა დოლიძე, თბილისის მერობის კანდიდატი, „ხალხისთვის“: „სწორედ ეს ციფრები, რომლებიც გამოქვეყნდება ჩემთან დაკავშირებით, არის ნამდვილი ციფრები, ეს არის ახალი ამბავი და სიურპრიზი ამ არჩევნებში. ყველა სხვა კანდიდატისაგან განსხვავებით, ამ არჩევნებში [ჩვენგან] არ ჩასხმულა ძალიან დიდი ფული, პირიქით, ჩვენ არჩევნებში შევედით შიშველი ხელებით… მე ველოდები ცესკო-ს შედეგებს, არა იმიტომ, რომ მჯერა [ცესკოსი], მინდა დავინახო რეალური სურათი, ეს კვლევები [ეგზიტპოლები] არის პარტიებთან აფილირებული კვლევები… ჩვენი ძალა განსხვავდება ამ ორი პოლუსისგან [ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა – რედაქციის შენიშვნა] იმით, რომ მე ამ დილას არ დამიწყია ზეიმი რამესთან დაკავშირებით… ჯერ დაველოდები, პირველ რიგში, ყველა იმ ბრძოლის დასრულებას, რომელიც ახლაც მიმდინარეობს ცესკოებში… 4 თავდასხმა მომხდა ჩემ წარმომადგენლებზე, მათ შორის ჩემზეც… გორბის, იმედის დაკვეთილ კვლევაზე ვარ აღშფოთებული, მან იმდენი სულგრძელობაც არ გამოავლინა, გაგვაქრო კვლევიდან“.

ანა ბუჩუკური – საქართველოსთვის: „მართალი გითხრათ, ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი პარტიისთვის ეგზიტპოლები არის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რაც დარწმუნებული ვარ საზოგადოებამ იცის და თქვენც იცით – ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში არის უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ადამიანებს სურათის გადაღებაც კი ერიდებათ და ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთ გაკეთებულ არჩევანს არ დააფიქსირებენ. ეს მთავარი მიზეზი და მეორე – სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს სჩვევიათ ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ეგზიტპოლების შედეგების გამოყენება. ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცესკოს მხრიდან“.

ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ის რაც ხდებოდა დღის განმავლობაში, ცალსახად მიანიშნებს, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასობრივად და ბევრი ამის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, მათ შორის, ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა. ახლა მნიშვნელოვანი არის დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება. მეტიც, მე ეჭვი მაქვს რომ თვითონ ეგზიტპოლის შედეგებში, მე რაც ნანახი მაქვს, რეგიონებში შეეშინდათ თავიანთი რეალური არჩევანის თქმა და ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ეს შედეგებიც შეიძლება გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „ქართული ოცნება თბილისში დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია – თბილისში იწყება ცვლილებები… ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს ახალ არჩევნებს მომავალ წელს, სრულად პროპორციულს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღეს რაც მოხდა… მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჯერ არჩევნები არ დამთავრებულა, ახლა იწყება ხმების დათვლა და ეს ხმების დათვლა უნდა იყოს ისეთ დონეზე ჩატარებული, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ. უნდა დავიცვათ თითოეული ხმა“.

გიგი წერეთელი – ევროპული საქართველო: „მთავარი შედეგი დღეს არის, რომ ხელისუფლება მთლიანობაში ოპოზიციასთან მნიშვნელოვანი განსხვავებით დამარცხდა. ამ შედეგს სჭირდება შენარჩუნება იმისთვის, რომ ის ცვლილებები რაც ქვეყანას სჭირდება ფეხზე ასადგომად იქნას განხორციელებული, ყველამ კარგად ვიცით, რომ დარღვევები და მანიპულაციები ხდება სწორედაც დათვლის პროცესში, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)