დედაქალაქში საარჩევნო უბნების 96.23%-ის დათვლისა და ამომრჩეველთა ხმების 44.96%-ის მიღების შემდეგ, დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგი მეორე ტურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მეორე ტურში საბრძოლველად მზად არის.
„მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა – „შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში“.
„არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი – პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ“, – ხაზი გაუსვა კახა კალაძემ და დაამატა, რომ იგი პატივს სცემს „ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებასა“.
„დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ [მეორე ტურში] გამარჯვებას“, – თქვა მანვე.
მანვე აღნიშნა, რომ პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო, დედაქალაქის საკრებულოში კი – 29 მანდატი მოიპოვა, „რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
კახა კალაძე ქართული ოცნების სახელით დედაქალაქის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურის მოგების შემდეგ გახდა. მაშინ მან ხმების 51.09% მიიღო. მას 17.48%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, 16.59%-ით კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მოსდევდნენ.
წლევანდელი არჩევნების პირველ ტურში, კალაძის კონკურენტმა, ნიკა მელიამ, რომელსაც მხარს ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროაც უჭერენ, პირველადი შედეგებით ხმების 33.94% აქვს.
ასევე წაიკითხეთ:
- წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება – 48.56%, ენმ – 31.23%, საქართველოსთვის – 6.87%
- დიდ ქალაქებში მეორე ტურები იქნება – ორში ქართული ოცნება ლიდერობს, სამში ენმ
- ქართული ოცნების სახელით დედაქალაქის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)