ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი), ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა და ევროპარლამენტმა დღეს განაცხადეს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტული და ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა საარჩევნო დარღვევების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უთანასწორო პირობების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.
თუმცა გამოითქვა ბრალდებები ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რაც ეწიმააღმდეგება „ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და შეშფოთების საფუძველს ქმნის ამომრჩეველთა შესაძლებლობის მიმართ ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით „დასჯის შიშის გარეშე“, ნათქვამია ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში.
არჩევნების დღე
საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების დღემ გამჭირვალედ და მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა აღნიშნეს, რომ „წარმომადგენელები, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ; ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიის მხარდამჭერთა ყოფნა დამაშინებელ გარემოს ქმნიდა“.
დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივი ინციდენტების ცალკეულ შემთხვევებს.
მისიამ ხმების დათვლის პროცესი შეაფასა როგორც „გამჭვირვალე“, მაგრამ აღნიშნა, რომ „დაკვირვების არეალში მოქცეული საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ოქმების შევსების დროს პროცედურულმა ხარვეზებმა და სირთულეებმა პროცესზე ზეგავლენა იქონია“.
წინასაარჩევნო პერიოდი
საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ამომრჩევლებს მერობის, მაჟორიტარი და პროპორციული სიით ასარჩევი კანდიდატების ფართო არჩევანი ჰქონდათ, თუმცა აღნიშნეს, რომ არჩევნების წინ ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა „ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს, იყო ჟურნალისტების დაშინებისა და მათ წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები. დამვირვებლებმა აღნიშნეს, რომ „ამ საქმეების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიების ნაკლებობა მედიის უსაფრთხო და დაცულ გარემოში ფუნქციონირების შესაძლებლობების კუთხით შეშფოთების საფუძველს ქმნის“.
ერთობლივმა მისიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია შეზღუდულად, მაგრამ კონკურენტულ გარემოში წარიმართა, საარჩევნო პროცესი „ზოგადად მშვიდად წარიმართა, თუმცა ცალკეულ პირებს შორის ძალადობისა და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ისევე, როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებული აგრესიული რიტორიკა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა“.
უთანასწორო საასპარეზო პირობები
სადამკვირვებლო მისია ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს მთავრობის მიერ რამდენიმე პროექტის დაწყების შესახებ გაკეთებული განცხადება „ეწინააღმდეგება კანონის სულისკვეთებას“, ვინაიდან კანონი კრძალავს სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას მხოლოდ არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ, მთავრობა კი ამტკიცებს, რომ პროექტები არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადებამდე დაიწყო.
„საარჩევნო კამპანიაში მაღალი თანამდებობების პირების მონაწილეობამ მმართველ პარტიას თავისი მდგომარეობით მინიჭებული უპირატესობით შეუსაბამოდ სარგებლობის შესაძლებლობა მისცა“, – განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. მათი თქმით, კამპანია ხასიათდებოდა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საარჩევნო პრაქტიკის შესახებ გამოთქმული ურთიერთბრალდებებით.
„რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს“, – განაცხადეს დამკვირვებლებმა. მათი თქმით, ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ შეუსრულებელი რჩება.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად კანონის ფარგლებში მოქმედებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი დასკვნები ორი შუალედური ანგარიშის შესახებ არჩევნებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა, რაც „ამცირებს გამჭვირვალობას“. მათივე თქმით, აუდიტის სამსახურს არ გააჩნია „საგამოძიებო უფლებამოსილება ან საკმარისი რესურსები ანგარიშებში აუსახავი შემოსავლისა და ხარჯების გამოსაკვლევად“.
მისიების ხელმძღვანელების განცხადებები
„ამ არჩევნებზე კანდიდატთა დიდ ნაწილს კამპანიის თავისუფლად ჩატარებისა და მრავალფეროვანი ხედვების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და პროფესიონალურად“, – განაცხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა. „თუმცა, ამის მიუხედავად, აგრესიული პოლიტიკური დისკურსისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევების მატება ღრმა წუხილის საგანი იყო. ოფიციალურმა პირებმა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ დარღვევების შესახებ ფართოდგავრცელებული და თანმიმდევრული განცხადებები.“
კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ ერეიმ განაცხადა: „კონგრესის გადმოსახედიდან, არჩევნები ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მხრივ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო. არჩევნები, ფაქტობრივად, გახდა რეფერენდუმი ეროვნული მთავრობის შესახებ და გადაფარა ადგილობრივი საკითხები, რაც დასანანია“. მისი თქმით, „მიუხედავად კანონმდებლობაში ბოლოს შეტანილი შესწორებებისა, ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მდგომარეობა გამოწვევად რჩება“.
„მიუხედავად კონკურენტული ხასიათისა, წინასაარჩევნო გარემომ ვერ უზრუნველყო თანაბარი პირობები არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის“,- განაცხადა ევროპული პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა. მან ხელისუფლებას დარღვევების სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)