Site icon Civil.ge

ევროკავშირი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

საარჩევნო ყუთი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, 2 ოქტომბერი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ქვეყანაში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, თვითმმართველობის არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ „არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ“,  თუმცა ხაზი გაუსვა „მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს“.

3 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება „კმაყოფილებით“ აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა „სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა“.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად  გათვალისწინება,  მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს“.

„სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მიმდინარე „პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება“.

30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურებზე საუბრისას, განცხადება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ „სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად“.

„ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)