Site icon Civil.ge

მიხეილ სააკაშვილის საქმის ახალი დეტალები

საქართველოს გენერალური პროკურატურა. ფოტო: pog.gov.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის „უკანონოდ კვეთის“ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მათგან ორი 3 ოქტომბერს დააკავეს. უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებმა იცოდნენ, ყოფილი პრეზიდენტი „მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის“ იძებნებოდა, „29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, საკუთარი ავტომანქანით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს“, საიდანაც ყოფილი პრეზიდენტი თბილისისკენ გამოემართა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (მე-2 ნაწილი) მიმდინარეობს, რაც „მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას“ გულისხმობს და 1-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მანამდე, 1 ოქტომბერს, იმავე ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე იმ ბინის მეპატრონეც დააკავეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა. ბრალდებულს დღეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებულ ბრალს „სულელური“ უწოდა, თქვა, რომ იგი „აბსურდი“ პატიმარია და მისი „დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს მუხლს დამნაშავის დამალვისთვის. „კოდექსი ამბობს დანაშაულის დაფარვას, რაც გულისხმობს, რომ თუ ვთქვათ, [გამოძიებას] არ ჰყავს იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი და ამ დროს ფარავს ადამიანი ასეთ პირს, შეიძლება 375-ე მუხლზე მსჯელობა“, – თქვა ბასილაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილი, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით უამრავ ლიდერს შეხვდა და უამრავი კონფერენციასა თუ დელეგაციაში იყო წარმოდგენილი და მაშინ ყველა ის ადამიანია დასაჭერი, ვინც მას ოდესმე ხელი ჩამოართვა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და ყოფილი პრეზიდენტისადმი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.

სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და თქვა, რომ მისი და მის გამო დაკავებულების გათავისუფლებამდე არ შეწყვეტს.


მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველო 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დატოვა.

საზღვრის უკანონო კვეთის გარდა, ყოფილ პრეზიდენტს ქართული მართლმსაჯულება კიდევ რამდენიმე საქმეს ედავება. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)