საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი 4 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა, რათა გამოეთქვა „სერიოზული შეშფოთება“, „სავარაუდოდ“ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახან გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით.
შეხვედრის შემდეგ, დიპლომატების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო მიყურადება „უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“.
- ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში
- პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიპლომატების წარმომადგენლობით ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ – საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო, ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და იაპონიის ელჩი, იმამურა აკირა, დავით ზალკალიანმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების „დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ“.
„დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს.
„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირმა სავარაუდო მიყურადების გამო საქართველოს ელჩი დაიბარა
- ევროკავშირი ფარული მიყურადების საკითხზე „შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)