აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოფს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ „სამართლიანი მოპყრობა“ საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია თბილისში სააკაშვილის დაკავების თაობაზე და ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს.
სამართალდამცველებმა უკრაინიდან ჩამოსული სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე ბრალდებით იძებნებოდა, 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.
ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავის #12-ე საპყრობილეში შიმშილობა გამოაცხადა. მას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. თავად სააკაშვილი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს დატოვა, 2018 წელს სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლებიც სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულნი, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე.
1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე აწარმოებს. შესაბამისად, შესაძლოა, მას სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ახალი ბრალიც წარუდგინონ, რაც 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ასევე წაიკითხეთ:
- მიხეილ სააკაშვილის საქმის ახალი დეტალები
- პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ საუბრობს
- კიევი საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობას დებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)