Site icon Civil.ge

სენატორი რიში 2 ოქტომბრის არჩევნებით იმედგაცრუებულია 

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში, ფოტო: risch.senate.gov

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს „უაღრესად იმედგამაცრუებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის დრამატულად განსხვავდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, რომელსაც ის აკვირდებოდა.

სენატორმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც ყურადღებით დააკვირდება 30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურებს. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხაზგასმული საკითხები მოაგვაროს, „კერძოდ, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობა და არათანაბარი პირობები“ ოპოზიციური პარტიებისთვის.

„სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – განაცხადა სენატორმა.

ეუთო/ოდირმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა და ევროპარლამენტმა 3 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტული და ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა საარჩევნო დარღვევების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უთანასწორო პირობების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.

ბრალდებები ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ეწინააღმდეგება „ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და შეშფოთების საფუძველს ქმნის ამომრჩეველთა შესაძლებლობის მიმართ ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით „დასჯის შიშის გარეშე“, – ნათქვამია ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)