ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიულად ქმნის „მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში“ და ხაზი გაუსვა, რომ 30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურებში ქართული ოცნების კანდიდატები გაიმარჯვებენ.
„მთლიანობაში, ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66%. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68%-მდე გაიზრდება“, – განაცხადა მანვე.
აღსნიშნავია, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც უმრავლესობის ბედი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მნიშვნელოვან როლს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ითამაშებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს“ და მხარი „ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა“.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ იმ გამონაკლის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც საკრებულოების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მმართველ გუნდს „საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა“ არ გაუჭირდება.
საკრებულოები, სადაც უმრავლესობის ბედი გაურკვეველია
ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დააკომპლექტებს. ქართულ ოცნებას მცირე შანსები აქვს შემქნას უმრავლესობა რუსთავსა და ბათუმში, ასევე წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში.
თვითმმართველ ქალაქ ბათუმში ქართულ ოცნებას 16 მანდატი აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 15, პარტია საქართველოსთვის 3, ლელოს 1. ამ სურათის გათვალისწინებით, უმრავლესობის შესაქმნელად სხვა პარტიების დახმარება სჭირდება ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც. იგივე ხდება თვითმმართველ ქალაქ რუსთავშიც, სადაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16 მანდატი აქვს, ქართულ ოცნებას 15, საქართველოსთვის 3. აქვე ერთი მაჟორიტარის ბედი მეორე ტურში გადაწყდება. სენაკის საკრებულოში 14 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 13 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 4 პარტია საქართველოსთვის. გადასაწყვეტია 2 მაჟორიტარის ბედი.
რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქ 9 მანდატი ქართულ ოცნებას აქვს, 8 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 4 საქართველოსთვის, 1 კი ლელოს. გადასაწყვეტია 5 მაჟორიტარის ბედი, რის შემდეგადაც, უმრავლესობის შექმნის შანსი გახარიას პარტიის დახმარების გარეშე აქვს როგორც მმართველ პარტიას, ისე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ასევე წაიკითხეთ:
- „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობით შედის
- 44 მუნიციპალიტეტში „ოცნება“ პირველივე ტურში იგებს, 15-ში მეორე ტურები იქნება
- დიდ ქალაქებში მეორე ტურები იქნება – ორში ქართული ოცნება ლიდერობს, სამში ენმ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)