Site icon Civil.ge

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობით შეშფოთებულია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და დედაქალაქის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ბანერი გლდანში, 2021 წლის სექტემბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ევროპის სახალხო პარტიამ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის თაობაზე წუხილები გამოიწვია.

6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროპის სახალხო პარტიამ აღნიშნა, რომ „საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გავრცელებულმა ცნობებმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული სტანდარტების კლებას, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობას, უთანასწორო საასპარეზო პირობებს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ასევე დარღვევებსა და სიძულვილის ენის გამოყენებას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და „პოლიტიკური დევნა“ კიდევ უფრო ზრდის „დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას“ საქართველოში.

ევროპის სახალხო პარტიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებული „არატოლერანტული და პროვოკაციული“ განცხადებები ხაზს უსვამს „პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობას საქართველოში, რაც ჩვენი ღრმა შეშფოთების საგნად რჩება“.

პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს და შეწყვიტოს „პოლიტიკური ოპონენტების დევნა“.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურებს იქ, სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებას და კონსტრუქციულ დღის რეჟიმზე დაბრუნებას“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიამ.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2008 წლის სექტემბრიდან ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)