Site icon Civil.ge

ბიძინა ივანიშვილის ოფშორული წილები „პანდორას დოკუმენტებში“ 

ბიძინა ივანიშვილი, ფოტო: facebook.com/GeorgianDreamOfficial

„პანდორას დოკუმენტები“ (Pandora Papers), რომელიც 14 ოფშორული სერვისის მომწოდებლისგან გამოჟონილ, დაახლოებით, 12 მლნ დოკუმენტს აერთიანებს, სხვებთან ერთად, ქართველი მილიარდერისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ფარული წილების შესახებაც შეიცავს ინფორმაციას.

საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის თქმით, დოკუმენტებში ჩანს, რომ 1998 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ივანიშვილმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია დააფუძნა. კონსორციუმი აცხადებს, რომ ყველა კომპანიას საკუთარ აგენტად პანამაში განთავსებული ოფშორული სერვისის მომწოდებელი Alcogal ჰყავს მითითებული.

2017 წლის ჩათვლით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმი აცხადებს, რომ ივანიშვილი შემდეგი ოფშორული კომპანიების – Silverport Trading Limited, Vanity Overseas Ltd., Morley Consultants Ltd., Finseck Ltd., Brightstone Finance Ltd., Sargans Ltd., Flamon Ltd., Ringold Finance Ltd., Plikar Trading Ltd., Krista Investments Ltd., Silverport Holdings Ltd., და Brighton Corporate Ltd-ს ბენეფიციარი მესაკუთრეა.

გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საგამოძიებო ჟურნალისტები აცხადებენ, რომ Silverport Holdings Ltd. 2016 წელს ჩამოყალიბდა საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების სამართავად, ხოლო კომპანია Finseck, რომელიც 1999 წელს ჩამოყალიბდა, სავარაუდოდ, ივანიშვილის მიერ შვილებისთვის შექმნილ ტრასტთან იყო დაკავშირებული.

საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის თქმით, კიდევ ერთი კომპანია – Brighton Corporate Ltd – ივანიშვილმა იმ მიზნით დააარსა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის რიგი პროექტების ვალის კაპიტალთან თანაფარდობა დაეფინანსებინა. როგორც ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოში რამდენიმე უმსხვილეს პროექტში განახორციელა ინვესტიცია, მათ შორისაა – სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში, ასევე „აქსის თაუერი“ და „გალერია თბილისი“ დედაქალაქში.

ინფორმაცია ივანიშვილის სავარაუდო ოფშორული წილების შესახებ ადრეც გავრელდა, მათ შორის, 2017 წელს „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში და „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ანგარიშში.

სავარაუდო კავშირები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული კომპანია Brightsone Finance Ltd. კომპანია „ევრაზიან ინვესტ“-ის (ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა) მფლობელია.

2021 წლის აპრილის ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განაცხადა, რომ ფოთის თავისუფალი სავაჭრო ზონის რენტაბელობა პირდაპირ კავშირში იყო ფოთის პორტის ტვირთბრუნვასთან.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა განეხორციელებინა, სანამ 2020 წელს მთავრობა ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით კომპანიასთან კონტრაქტს გაწყვეტდა, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „პანდორას დოკუმენტები“ ადასტურებს, რომ ივანიშვილი პროექტის წინააღმდეგ ლობირებდა და მისი მოტივებიდან ერთ‐ერთი იყო მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი ‐ ფოთის პორტის განვითარება.

„ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ ქართული ოცნების მთავრობაზე“, – განაცხადა კონსორციუმმა და დასძინა, რომ ივანიშვილი ანაკლიის პროექტს 2017 წლიდან ეწინააღმდეგებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)