ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921, 30 სექტემბერი, N9-10
კაუცკი საქართველოს შესახებ
[ცნობილი გერმანელი სოციალისტი თეორიტიკოსისა და პოლიტიკოსის კარლ კაუცკის წიგნი „GEORGIEN: EINE SOZIALDEMOKRATISHE BAUERNREPUBLIK EINDRÜCKE UND BEOBACHTUNGEN“ გერმანულ ენაზე 1921 წლის გაზაფხულზე ვენაში გამოვიდა. ხოლო წიგნი ინგლისურ ენაზე „GEORGIA: A SOCIAL-DEMOCRATIC PEASANT REPUBLIC IMPRESSIONS AND OBSERVATIONS“ 1921 წლის შემოდგომაზე ლონდონში გამოიცა. 2018 წელს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის თბილისის ოფისმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წიგნი ქართულ ენაზე თარგმნეს და სამენოვანი – ქართულ-გერმანულ-ინგლისური – გამოცემა მოამზადეს. კარლ კაუცკის აღნიშნული წიგნი არაერთ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]
კაუცკის წიგნი საქართველოს შესახებ („საქართველო – სოციალ-დემოკრატიული გლეხთა რესპუბლიკა“) გამოდის ეხლახან ინგლისურ ენაზე. ინგლისურ გამოცემისთვის ავტორს დაუწერია ახალი წინასიტყვაობა, რომლიდანაც მოგვყავს ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილი.
„საქართველოში მე ვიკვლევდი და ამ წიგნაკში ვარჩევ არა გეოგრაფიულ, ან ეტნოგრაფიულს, არამედ სოციალურ პრობლემას; ეს პრობლემა არის შემდეგი: შესაძლებელია თუ არა ნამდვილათ სოციალსტური მთავრობა იმ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიურათ თვით მეზობელ რუსეთზე უფრო ჩამორჩენილია? როგორ შეუძლია ასეთ მთავრობას გაძლება უდიქტატოროთ, უტეროროთ – დემოკრატიული საშვალებებით და მეთოდებით და რის გაკეთება შეუძლია მას ასეთ პირობებში?
ამნაირათ, მე საქართველოში გავემგზავრე საინტერესო და მნიშვნელოვანი სოციალურ ექსპერიმენტის (ცდის) შესასწავლათ, რათა ამ შესწავლიდან გამომეყვანა საყოველთაოდ მისაღები დასკვნები სოციალისტურ პრაქტიკისათვის. ისე, რასაც მე ვიკვლევდი, წარმოადგენს ბოლშევიზმის სრულ წინააღმდეგობას. რა უხმაუროთაც არ უნდა აღმოცენებულიყოს ეს ექსპერიმენტი, ის ჩვენი ყურადღების ღირსია არა ნაკლებათ, ვინმე მყვირალა და სენსაციის მოყვარული ბოლშევიკური ექსპერიმენტი.
სამწუხაროთ შეუძლებელი გახდა გვედევნებინა თვალყური ორივე ექსპერიმენტის ერთი-მეორეს გვერდით პრაქტიკულ განვითარებისათვის მათ საბოლოო შედეგებამდე. საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციის (ჩამოყალიბების) პროცესი, რომელიც იკვალავდა გზას, შეწყვეტილ იქნა უხეში ძალის საშუალებით მისი მეზობლის და კონკურენტის – რუსეთის მიერ.
როცა მე ამა წლის იანვარში უკან ვბრუნდები საქართველოდან, მე გავიგე, რომ საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი დიდ სიმპატიას უცხადებდა საქართველოს მთავრობას. ეხლა საქართველოს წარმომადგენლებს ხელთ აქვთ იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ რუსეთის მთავრობა უკვე 1920 წლის დეკემბერში იღებდა წინასწარ სამხედრო ზომებს საქართველოზე თავდასხმისათვის, რომელიც მან თებერვალში მოახდინა. ამ თავდასხმის შედეგი იყო ის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკის ფორმით კვლავ რუსეთის პროვინციათ გახადა. პატარა ქვეყანა შეუბოჭავს 120 000 კაციან რუსის წითელ არმიას, რომელიც მას უმოწყალოთ სძარცვავს. როგორც დაპყრობილი ქვეყანა საქართველო გაცილებით მეტს ითმენს ბოლშევიზმის ბატონობისგან, ვინემ თვით უბედური რუსეთი. სრული გაპარტახების და შიმშილით სიკვდილამდე მიყვანის პროცესი, რომელიც რუსეთში 4 წლის განმავლობაში მოხდა, საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში შესრულდა და იმავე საზარელ შედეგებს მიაღწია.
იმ მოვლენებმა, რომელიც მე ამ წიგნის გერმანულათ გამოცემის დროს აწერილი მქონდა, როგორც ახლად მომხდარი, დღეს, ინგლისურ გამოცემის დროისათვის, უკვე სხვა ძირიანათ განსხვავებულ გარემოებებს დაუთმეს ალაგი. ამისდა მიუხედავათ ამ წიგნის საგანს აქტიურ ინტერესი არ დაუკარგავს. ვინაიდან, ჯერ კიდევ სცოცხლობს და ჩვენს ყურადღებას იპყრობს რუსული ბოლშევიზმი – ეს პირდაპირი წინააღმდეგობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომლის შესწავლა ძლიერ გაგვიადვილებს საბჭოთა რუსეთის მეთოდების სწორედ დაფასებას.
და როცა თვით რუსეთში, ისე საქართველოშიაც მოსკოვის მპყრობელთა დიქტატურას აღარ შეუძლია დიდ ხანს გასტანოს. ქართველს ხალხს მრავალ ბარბაროსთა შემოსევისათვის გაუძლია, ის წითელ არმიებს და ჩრეზვიჩაიკების თარეშსაც გაუძლებს. რუსეთში და საქართველოშიაც ისევ უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ.
მაშინ იმ პრობლემებს და იმ ცდას, რომლებსაც მე საქართველოში გავეცანი და რომლებიც ამ წიგნაკშია აღნიშნული, ხელახლა მიეცემათ პრაქტიკული მნიშვნელობა საქართველოს საზღვრებს გარეშეც, რუსეთში და მის განაპირა ქვეყნებშიც.
პირველი ხანა, როგორც კავკასიის ქედის სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებისათვის, რა თქმა უნდა, საშინელი იქნება. შემდეგაც კი, როცა დემოკრატია შესძლებს როგორც თეთრი, აგრეთვე წითელი ფერის დიქტატურის დათრგუნვას, ამ ქვეყნების ეკონომიური ორგანიზმი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ათასნაირი დაწყლულებული და იძულებული გახდება დიდის გაჭირვებით, ტკივილებით და ვაი ვაგლახით აწარმოვოს ბეჩავი ცხოვრება.
ჩვენი ვალია დასავლეთში – ამ დროისათვის მძლავრ გაერთიანებულ ძალათ გავხადოთ სოციალისტური პარტიები და მათი ინტერნაციონალი თუ ეს შევასრულეთ, მაშინ შეგვეძლება არამც თუ ჩვენი პროლეტარიატის და ჩვენი ერების წინ წაწევა, არამედ აღმოსავლეთისთვისაც ძლიერი დახმარების აღმოჩენა მისი ჭრილობების განსაკურნავათ.
მხოლოდ ასტრონომებისა და არა სოციალისტებისათვის აქვს ღირებულება იმ თქმულებას, რომელიც ამბობს – „ნათელი აღმოსავლეთიდან მოდისო“. მაგრამ, თუ ჩვენ, დასავლეთის სოციალისტები მოწოდებული ვართ ცხოველი ნათელი მოუვლინოთ მთელ ქვეყანას, ეს კონსტანტაცია (ფაქტის აღნიშვნა) უნდა მივიღოთ არა როგორც კომპლიმენტი, რომელიც ჩვენ გაგვაკადნიერებს, არამედ როგორც აღნიშვნა ჩვენი მოვალეობას, რომელიც მოითხოვს ჩვენგან თავდადებულ მოღვაწეობას ჩვენი დიადი იდეალის – ყველა მაშვრალთა და ტვირთ-მძიმეთა განთავისუფლების განსახორციელებლათ“.
კარლ კაუცკი
ბერლინი-შარლოტენბურგი, 8 სექტემბერი, 1921.