„ეს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს ლელოს და დროას წევრებთან – საბა ბუაძესთან და ბათუ ქუთელიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის გადათვლის შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, გამარჯვება კი – ენმ-ის კანდიდატის, მანუჩარ ფიფიას ნაცვლად, ქართული ოცნების კანდიდატს სოსო გოგოხიას დარჩა.
ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ბევრად უფრო უარესად“ ჩატარდა, ვიდრე 2020 წლის საპარლამენო არჩევნები. აღნიშნა რა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა „მოსყიდვას“, „დაშინებასა“ და „შანტაჟს“, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რეგიონებში ოპოზიციას კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა „პაქტიკულად“ არ ჰქონდა.
გარდა აღნიშნული ბრალდებებისა, ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსი დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, დისბალანსი ოქმების 27.5%-ში (1/3) დაფისქირდა.
ჯაფარიძისვე თქმით, საქართველოს მასშტაბით, ბიულეტენების ნაკლებობა იყო 944 უბანზე (25%), მეტობა კი – უბნების 85%-ში. „[ეს] იმის ირიბი ინდიკატორია, რომ იქ კარუსელების დატრიალება ხდებოდა“, – განაცხადა მანვე.
უბნების ხელახალი გადათვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ლელო საქართველოსთვის წევრმა, საბა ბუაძემ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნების გადათვლის პროცესს „ხელს უშლიან“. „ლელოს და ოპოზიციის მიერ დაწერილ საჩივრებზე დღეს ოლქებში მიმდინარეობს სრული წინააღმდეგობა“, – დასძინა მანვე.
საბა ბუაძის განცხადებით, უბნების ხელახალი გადათვლით გამოჩნდება, რომ საკრებულოებში ოპოზიცია ბევრად მეტ მანდატს ფლობს, ვიდრე ეს „ახლა არსებულ მოცემულობაშია“.
დროას წევრის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, არჩევნების შედეგად გამოვლენილი დარღვევების „მასშტაბი“ იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ „ეს იყო კარგად ორგანიზებული სქემა, რომლის ამოცანაც იყო იმ შედეგების მღება, რომლითაც ქართული ოცნება დაიტოვებდა ძალაუფლებას“.
ქუთელიას განცხადებით, ამ „გაყალბების“ მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ სასურველი შედეგის მიღება მაინც ვერ შეძლო, ამიტომ „ღამით, ჩუმად ცდილობენ უბნების გადათვლას, ხელოვნურად ჩასწორებას ან გადაკეთებას ოქმების იმისთვის, რომ იქ, სადაც ვერ მიიღეს [სასურველი] შედეგი, გამოასწორონ“.
მანამდე, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციონერ ლიდერებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტია ბათუმის მაჟორიტარული ოლქის სრულად გადათვლას ითხოვს. მანვე საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის სრულად გადათვლის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე მტკიცებით, „თბილისში, ოპოზიციას აქვს მიღებული გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე დღეისათვის დაუწერეს“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)