Site icon Civil.ge

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა 

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ერთობლივი ფოტო წინანდალში, ფოტო: Twitter/NATO_PASCAD

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ ადმირალ რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოში 7-8 ოქტომბრის ვიზიტი კახეთის რეგიონის სოფელ წინანდალში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამართული პლენარული სხდომით დაასრულა.

სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

თავის შესავალ სიტყვაში, ადმირალმა ბაუერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და განაცხადა, რომ ალიანსი „მზად არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს“.

„ორ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მუდმივი საფრთხე, რუსეთის უწყვეტი პროვოკაციები სამეზობლოში და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება საქართველოსა და ალიანსისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაარწმუნა კომიტეტი საქართველოს ურყევ ერთგულებაში „ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და მიზნების მიმართ“. მან ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოს განზრახვა, რომ ნატოს წევრობას მიაღწიოს, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

თავდაცვის მინისტრის და ადმირალ ბაუერის შეხვედრა

7 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ბურჭულაძემ და ადმირალმა ბაუერმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში ნატოს უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებას გაუსვეს ხაზი. მათ ასევე განიხილეს საქართველოს წვლილი ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში და ქვეყნის პროგრესი მისი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში.

აღნიშნა რა საქართველოს წვლილი ალიანსის მისიებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ალიანსს არასდროს მიუმართავს საქართველოსთვის ამაოდ“. „ნატოს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, — განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.

ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ასევე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკი ღარიბაშვილსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. თავისი მეოთხე ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო კომიტეტის დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ეწვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)