Site icon Civil.ge

მონტენეგროს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი, ფოტო: predsjednik.me

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისის მონახულების შემდეგ, მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა 8 ოქტომბერს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირების მნიშვნელობაზე, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც „საქართველოსა და მონტენეგროს საერთო მიზანს“. „პრემიერ-მინისტრი მიესალმა მონტენეგროს მზადყოფნას, ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მონტენეგროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში დასრულდება „გაფართოების დაღლილობა“ და ბლოკი მიხვდება, რომ საჭიროა ახალი წევრების მიღება.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, მონტენეგროს პრეზიდენტმა კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა აღნიშნა. მან ხაზი გაუსვა მონტენეგროს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, საქართველოში მონტენეგროს ელჩმა (რეზიდენციით კიევში), დრაგიცა პონორაცმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 8 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)