Site icon Civil.ge

ცესკო: 812 უბნის გადათვლის შემდეგ, მონაცემები „მცირედით“ შეიცვალა

ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, 2 ოქტომბერი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ10 ოქტომბერს განაცხადა, რომ 812 (3 664) საარჩევნო უბანზე ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გადათვლის შედეგად მონაცემები „მცირედით“ შეიცვალა, რასაც „არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, გადათვლილი 812 უბნიდან, მხოლოდ 121-ის შედეგი შეიცვალა, 67%-ში კი – მონაცემები უცვლელი დარჩა.

ცესკოს ინფორმაციით, გადათვლილი უბნებიდან 360 უბანი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა. 194 უბანი საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს. 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი – იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაამოწმეს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციის სახით გააცნო.

ამავე განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, იმ 257 უბნის შედეგები გადათვალეს, სადაც „უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების“ მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები.

ამ უბნებიდან 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა, 60 უბანში კი – მცირედი ცვლილება ნამდვილ ხმებსა და ბათილ ბიულეტენებს შეეხოთ.

ჯამში, ამ 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ – 53 ხმა; მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5 ხმა და მოემატათ – 41ხმა; მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ – 82 ხმა.


10 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტია ლელოს წევრმა, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ უბნების გადათვლის პროცესი არასწორად წარიმართა და მათი ხელახლა გადათვლა მოითხოვა.

მისივე თქმით, საარჩევნო ოლქებში „პირდაპირ“ იგზავნებოდა ინფორმაცია, თუ რომელი უბანი უნდა გახსნილიყო და „მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერი კომისიის წევრის წინააღმდეგობისა“, მაინც ამ უბნებს ხსნიდნენ და ითვლიდნენ. „იყო ზოგიერთი უბანი, სადაც გაცილებით უფრო მეტი ბათილი ბიულეტენი იყო და უფრო ნაკლებ ბათილბიულეტიანი უბნები გაიხსნა“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)