Site icon Civil.ge

თბილისელი ამომრჩევლის პრიორიტეტები CRRC-ის ახალ კვლევაში

დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერი ერთ-ერთი მშენებლობის სიახლოვეს, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, თბილისელი ამომრჩევლისთვის ყველა პრობლემურ საკითხებს შორისაა – უმუშევრობა (24%), საცობები (13%), ჰაერის დაბინძურება (11%) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (10%).

კვლევის ფარგლებში, რომლის საველე სამუშაოებიც 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, 2 951 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოხმაურების მაჩვენებელი 14.1% იყო, ცდომილების საშუალო ზღვარი კი – +/- 1.8%.

რაც შეეხება კომუნალურ ინფრასტრუქტურას, რესპონდენტების დაახლოებით 85% გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურით, ასევე გარე განათებებით კმაყოფილია, 40%-ზე ნაკლები კი – ლიფტებითა და საპარკინგე ადგილებით.

ამასთან, გამოკითხულების 82% მიიჩნევს, რომ უმჯობესია სახელმწიფომ გადაწყვიტოს რა, სად და როგორ ააშენოს, ვიდრე სამშენებლო ინდუსტრიამ. მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ სამშენებლო სექტორში მთავრობა არ უნდა ერეოდეს.

კვლევის თანახმად, დედაქალაქში უფრო მეტი რეკრეაციული ზონის შექმნის მიზნით, თბილისელების უმრავლესობა (74%) მხარს უჭერს უკვე პრივატიზებული მსგავსი ზონების გამოსყდვის იდეას. განსხავებული პოზიცია მხოლოდ 15%-მა დააფიქსირა და თქვა, რომ უმჯობესია დედაქალაქის ბიუჯეტი სხვა მიმართულებით დაიხარჯოს.

ამასთან, ინტერვიუირებულთა 79%-ის აზრით, მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ე.წ. „ბას ლაინების“ არსებობა, 11%-მა უპირატესობა საკუთარ მანქანებს მიანიჭა. ასევე, გამოკითხულების 63% მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე გზებისა და საპარკინგე სივრცეების მშენებლობას, 31%-თვის კი – უფრო მნიშვნელოვანი ეს უკანასკნელია.

ამავე კვლევით, თბილისელების 45% მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა გაუმჯობესდა, 63%-ის მოსაზრებით კი – ამავე პერიოდში გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)