ამ წუთებში, დედაქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანია შეკრებილი და 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაკავებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და შეძახილებით – „საქართველო, საქართველო“ და „თავისუფლება მიშას“ რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ.
საპროტესტო აქციას მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შემოუერთდნენ. ისინი, დედაქალაქისკენ მანქანების კოლონებით დაიძრნენ. მათ გზად, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ რუსთავთან კონტრდემონსტრანტები, მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული მოხელეები ცოცხებით დახვდნენ და თბილისისკენ მომავლები შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკეს.
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საპატიმროდან
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ამავე დროს სააკაშვილის ადვოკატიცაა, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რუსთავის საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილი წაუკითხა. „ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა“, – ამბობს სააკაშვილი.
„აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგეთ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს სამშობლოს“, – იკითხება წერილში.
სააკაშვილის თქმით, „ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა“.
„ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად“, თქვა მან. მისივე განცხადებით, „ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის“.
კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რა გაერთიანების მნიშვნელობას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე“. „30-ში ყველანი არჩევნებზე!“, – დასძინა მანვე.
აქცია ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდა
საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდა. მან ხაზი გაუსვა სააკაშვილის „თავდადებას“ და „თავგანწირვას“ და აღნიშნა, რომ მისმა ნაბიჯებმა „რეჟიმი გაბზარა“.
მელიამ გაიხსენა იმავე დღის ამბები, როდესაც აქციაზე მიმავალ სააკაშვილის მხარდამჭერებს სხვადასხვა ქალაქში ცოცხებით დახვდნენ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეშინებულია.
„ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების, ოჯახების, სახელმწიფოსა და ხმების დაცვა“, განაცხადა ენმ-ის ლიდერმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს „ან შეეგუება, რომ მარცხდება“, ან ბრძოლა „იქნება ბოლომდე“.
მოგვიანებით, მელიამ აქცია დასრულებულად გამოაცხადა და შეკრებილებს 30 ოქტომბერს გასამართ მეორე ტურებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს
- პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)