ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ოქტომბერი, N11
პასუხი „როსტას“
ბოლშევიკურმა სააგენტომ „როსტა“-მ გაავრცელა დეპეშა, რომელიც ბრალს სდებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, თითქო იგი 1920 წელში „აწვდიდა“ ვრანგელის კარს და აგრეთვე ჩრდილო-კავკასიის თეთრგვარდიელებს ამუნიციას და სხვა სამხედრო მოწყობილობას.
იმოწმებს რა „მენშევიკურ მთავრობის ოფიციალურ აგენტების მიერ ვრანგელის მთავარ ბანაკისადმი მიწერილი წერილების ორიგინალურ ტექსტებს, სააგენტო გვაბრალებს ჩვენ 1920 წლის აგვისტოში განსაზღვრულ რაოდენობის ნავთის გაგზავნას სევასტოპოლში და ამ საქონელს მოკლეთ „ამუნიციას“ უწოდებს“.*
[აი ტექსტი იმ დეპეშისა, რომელიც საფრანგეთის კომუნისტურ გაზ. „ჰუმანიტე“-ში დაიბეჭდა 3 ოქტომბერს:
მოსკოვი. 30 სექტემბერი. იმ დოკუმენტების შესწავლა, რომელიც საქართველოს მენშევიკურ მთავრობას დარჩა თფილისში აქედან გაქცევის დროს, უტყუარ დამამტკიცებელ საბუთს იძლევა იმისას, რომ 1920 წელში მენშევიკური მთავრობა აწვდიდა ვრანგელის ჯარს და აგრეთვე ჩრდილო-კავკასიის თეთრ-გვარდიელებს ამუნიციას და სხვა სამხედრო მოწყობილობას. ამნაირათ, მენშევიკური მთავრობა უტიფრად არღვევდა ნეიტრალობის ხელშეკრულებას, რომელიც მას დადებული ჰქონდა საბჭოთა მთავრობასთან. მენშევიკურ მთავრობის ოფიციალურ აგენტების მიერ ვრანგელის მთავარ შტაბისადმი მიწერილ წერილების ორიგინალურ ტექსტიდან აშკარა ხდება, რომ მხოლოდ ერთი თვის – 1920 წლის აგვისტოს განმავლობაში გაიგზავნა სტავროპოლში ვრანგელის ჯარის საჭიროებისათვის 34 097 ფუთი ნავთი, 967 ფუთი ზეთი, ბევრი ხე-ტყეულობა და ჯარის მოწყობილობა. რომ გაგზავნილის დანიშნულება არ გამომჟღავნებულიყო, საქონელი და ნივთები იგზავნებოდა ფიქტიურ მისამართით. ინჟინერმა ჰაანიდ სულთანოვმა საქართველოში თოფები და იარაღები იყიდა ჩრდილო-კავკასიის რეაქციონური ფრონტისთვის. ამ დოკუმენტების შინაარსი ნათელს ჰფენს საქართველოს მთავრობის სამარცხვინო პოლიტიკას და ააშკარავებს ბატონების. ჟორდანიას, რამიშვილის და კამპანიის ნამდვილ სახეს. რომლებიც ანტანტის მთავრობათა მფარველობის ქვეშ აწარმოებენ ცილისწამების საზიზღარ კომპანიას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ – „როსტა“]
მე გადაჭრით უნდა უარყვო ყველა ეს ბრალდებები.
სააგენტოს მიერ მოხსენებული „ორიგინალური ტექსტები“ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს; დამოკიდებულება ჩვენსა და დენიკინ-ვრანგელს შორის ისეთი ხასიათის იყოს, რომ შეუძლებელს ხდიდა რაიმე მიწერ-მოწერას რესპუბლიკის მთავრობასა და კონტრ-რევოლუციურ გენერალურ შტაბს შორის.
მართალია ჩვენ მუდამ მოწადინებული ვიყავით რაც შეიძლება მჭიდრო ეკონომიური ურთიერთობა დაგვეჭირა რუსეთის ხალხთან განურჩევლად იმისა, – თუ რომელ დიქტატურის ქვეშ იჩაგრებოდა ის, დენიკინ-ვრანგელის თუ ლენინ-ტროცკის. ეს ურთიერთობა საჭირო იყო ჩვენთვის როგორც ორი ხალხის ერთმანეთთან დასაახლოებლათ, ისე საქართველოს უზრუნველსაყოფათ სურსათის მხრივ.
მაგრამ კონტრ-რევოლუციურმა გენერლებმა არამც თუ შეუწყვეს ხელი ჩვენს რესპუბლიკასთან ეკონომიურ ურთიერთობის დამყარებას, არამედ პირიქით, სიკვდილით დასჯის მუქარით, აუკრძალეს თავის ქვეშევრდომებს საქართველოში რაიმე სურსათ-სანოვაგეს გამოგზავნა.
ეს პოლიტიკა მით უფრო მავნე იყო საქართველოს ხალხისთვის, რომ მას სავსებით იზიარებდენ საბჭოთა რუსეთის ბელადებიც. როგორც კონტრ-რევოლუციურ გენერლებს, ისე ამათ ეჯავრებოდათ ჩვენი ქვეყანა, ესენიც ისე, როგორც პირველნი, ცდილობდენ საქართველოს ხალხის დამშევით დაემხოთ მისი თავისუფლება და დმოუკიდებლობა და ამ მიზნით ამათაც ბლოკადის ქვეშ გამოაცხადეს ჩვენი საზღვრები.
მაგრამ ამ ბლოკადამ მიზანს ვერ მიაღწია. საქართველოს მთავრობამ შესძლო ქვეყნის უზრუნველყოფა სურსათით ბათუმში უცხოელ კომერსანტებთან ურთიერთობის დამყარებით. ამ უკანასკნელთ მთავრობა ხორბლის ნაცვლათ აძლევდა ნავთს, ხე-ტყეს და სხვა. შეუძლებელია იმის გამორკვევა – თუ საით აგზავნიდნენ შემდეგ ამ საქონელს ეს კომერსანტები. ადვილათ შეიძლება რომ ერთი ნაწილი გაიგზავნა რუსეთის იმ ადგილებში, რომლებიც თეთრი არმიის ხელში იყო, მეორე ნაწილი კი – იმ ადგილებში, საცა წითელი კარები იყო გაბატონებული.
რაც შეეხება ჩრდილო-კავკასიის მთიელებს, ე. ი. ჩვენს მეზობლებს, რომლებიც თავის დამოუკიდებლობის დასაცავათ ებრძოდენ ჯერ დენიკინის არმიას, ხოლო შემდეგ ბოლშევიკურ ჯარებს – ჩვენი სიმპატია, რა თქმა უნდა, მათ მხარეზე იყო. და ამიტომ ჩრდილო-კავკასიის ლტოლვილებმა თფილისში მეზობლური თავშესაფარი ჰპოვეს. და, თუმცა მე არაფერი ვიცი იმის შესახებ – ყიდულობდენ თუ არა ისინი იარაღს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თვით მოკლებული იყო ყოველივე სამხედრო მოკაზმულობას, მაგრამ შესაძლებლათ მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ მთიელს ეყიდოს თფილისის სავაჭროებში ძველი ხანჯლები ან თოფები.
ბოლშევიკებისთვის რომ გვესიამოვნებია, ჩვენ ალბათ ერთი მხრით უნდა გვეცადა, სანამ დენიკინ-ლენინის ბლოკადა ჩვენს ხალხს დაამშევდა, მეორე მხრით კი უნდა გვეღალატნა ჩვენი მეზობლებისათვის იმ მომენტში, როცა ვრანგელ-ტროცკის იმპერიალზმს მოჰქონდა მათზე იერიში! ეს მართლაც არ ჩაგვიდენია ჩვენ.
რა მიზნით აქვეყნებს „როსტა“ თავის მოჭორილ ცნობას?
მას უნდა თავისი მოჭორილი ბრალდებებით დაუკარგოს გავლენა იმ პროტესტის ხმას მოსკოვის უზურპატორების წინააღმდეგ, რომელიც უფრო და უფრო ძლიერად მოისმის დასავლეთ ევროპაში მოსკოვის ჯარების მიერ დაჭერილ, გაძარცვულ და დამშეულ საქართველოდან.
ნოე ჟორდანია. 7 ოქტომბერი, 1921 წელი.