12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 54–ე რაუნდი გაიმართა.
თბილისის პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების 54-ე რაუნდის მთავარ საკითხებს „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა“.
თბილისმა მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯების, მათ შორის, სოხუმსა და მოსკოვს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაციისა და ცხინვალთან დადებული „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების საკითხები.
საქართველოს დელეგაციამ ასევე აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ნაწილის „უკანონო მიერთების“ საკითხი. ასევე, თბილისმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა „ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე“.
სამინისტროს გადმოცემით, საქართველოს წარმომადგენლებმა დისკუსიებისას მიუღებლად შეაფასეს „მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე“ და აღნიშნეს, რომ „საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა“.
საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თბილისმა „არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას“.
დელეგაციამ ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვაზე.
თბილისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებში მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებაზე და დასვეს აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
მათ ასევე აღნიშნეს ისეთი ჰუმანიტარული გამოწვევები, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები, მათ შორის უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები.
სამინისტროს განცხადებით, დისკუსია ვერ შედგა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე, რადგან „მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები“.
რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად მოსკოვი განიხილავს, ერთი მხრივ, თბილისს და, მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
რუსეთის დელეგაცია ირწმუნება, რომ ამის საჭიროება იზრდება „დასავლეთის აქტიური ძალისხმევების ფონზე, რომ თბილისი ნატოში ჩაითრიოს“, რასაც, მოსკოვის თქმით, საქართველოში ჩატარებული სამხედრო წვრთნები, მათ შორის, „Agile Spirit 2021“ მოწმობს. მოსკოვმა, ცხინვალისა და სოხუმის მხარდაჭერით, ასევე წამოაყენა საოკუპაციო ხაზების დელიმიტაციისა და დემარკაციის წინადადება.
სოხუმმა კვლავ გამოხატა შეშფოთება „საქართველოს სამხედრო პოტენციალის მიმდინარე ზრდასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას.
ცხინვალის წარმომადგენლები კი ირწმუნებოდნენ, რომ თბილისი აგრძელებს გამყოფი ხაზის დემარკაციის საკითხის „პოლიტიზირებას“, მაშინ როცა აღნიშნული პროცესი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეების ცხოვრების პირობებს შეამსუბუქებდა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები
დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეებმა „უსაფრთხოების ყოვლისმომცველი/ადამიანური განზომილებები“ განიხილეს და ხედვები გაცვალეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობების „შიშების, სურვილებისა და ღირსების“ თაობაზე.
განცხადების თანახმად, ადგილზე არსებული მდგომარეობა „შედარებით სტაბილურად“ შეფასდა, თუმცა აღინიშნა რიგი საკითხები. მათ შორის, თანათავმჯდომარეთა ცნობით, იყო მიმდინარე დაკავებები, დაკარგულ პირთა ამოუხსნელი საქმეები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვები, კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირება და კონკრეტული უსაფრთხოების საკითხები.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ერგნეთის შეხვედრების ჩატარების გაგრძელებას და გალში ანალოგიური შეხვედრების „გადაუდებლად“ აღდგენის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.
დისკუსიების შემდეგი რაუნდი ჟენევაში 7-8 დეკემბერს გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)