Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება

საქართველოსა და შვეიცარიელი პრეზიდენტების შეხვედრა ბერნში, 15 ოქტომბერი, 2021. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შვეიცარიაში 13-15 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერნში პრეზიდენტ გი პარმელინს შეხვდა, ჟენევაში კი შეხვედრები გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა შვეიცარიის შუამავლის როლს თბილისსა და მოსკოვს შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

ზურაბიშვილის თქმით, პარმელინმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ცხინვალის პატიმრობიდან დახსნაში და აღნიშნა, რომ შვეიცარიელი კოლეგა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობას უმაღლეს დონეზე ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე და იქ არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. „სამწუხაროდ, ჟენევის [საერთაშორისო] მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, არ ვხედავთ ჯერ  მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესებას, ან რაიმე მომავალ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტს ამ ძალიან რთულ და მძიმე პირობებს“, აღნიშნა მან.

შვეიცარიის საგარეო და ეკონომიკის დეპარტამენტების საერთო პრეს-რელიზის თანახმად, შეხვედრისას პრეზიდენტებმა მიმოიხილეს შვეიცარიის 2022-2025 წლების თანამშრომლობის სტრატეგია, რომელშიც საქართველოსთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების რაოდენობად კვლავ 34 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 115 მილიონი ლარი) განიხილება.

იმავე ცნობების თანახმად, საქართველო და შვეიცარია გეგმავენ თანამშრომლობის გაღრმავებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და ენერგეტიკის სფეროში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი.

შეხვედრები ჟენევაში

ბერნში გამგზავრებამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჟენევას სტუმრობდა, სადაც იგი 14 ოქტომბერს მიშელ ბაშელეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებები განიხილა.

ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, შეხვედრისას  გალის რაიონში ქართულ ენაზე  სწავლების აკრძალვის  ფაქტი აღინიშნა, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი. განცხადებაში ასევე წერია, რომ საუბარი ასევე შეეხო წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებს და ღრმა პოლარიზაციას. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ქალთა არასაკმარისი ჩართულობა მუნიციპალურ არჩევნებში.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმავე დღეს შეხვდა ტედროს ადანომ გებრეისუსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადმოცემით, განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა საქართველოში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროება და კოვიდ-19-ის  სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობა, თუმცა მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე.

14 ოქტომბერს ზურაბიშვილი კიდევ ცალ-ცალკე შეხვდა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ დარენ ტანგს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გი რაიდერს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში დღეს სრულდება. იგი შვეიცარიას ეწვია ვენაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, სადაც ზურაბიშვილი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდს, ეუთოს წევრ სახელმწიფოთა ქალ ელჩებს და ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)