Site icon Civil.ge

დავით ზალკალიანი სლოვენიის ოფიციალურ პირებს შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სლოვენიის პრეზიდენტი, ბორუტ პაჰორი, ფოტო: დავით ზალკალიანის Twitter-dan

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, დავით ზალკალიანი სლოვენიაში 14-16 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს, სლოვენიელ კოლეგას, ანჟე ლოგარსა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, იგორ ზორჩიჩს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ზალკალიანმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, ასევე 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის  მომზადების საკითხი და 2021 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განიხილეს.

იმავე დღეს, საქართველოს და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ბიზნეს და ხალხთა შორის კავშირებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.

თავის მხრივ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის „საერთო ინტერესს“ ვაჭრობის გაძლიერების საქმეში.

ზალკალიანის და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს იგორ ზორჩიჩის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ოკუპირებული რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ასევე საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი მოლოდინი ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)