აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, რომელიც ევროპული ტურნეს ფარგლებში, თბილისში დღეს ჩამოვიდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა.
„ეს ინიციატივა უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყებაზე მიანიშნებს და აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას საქართველოს მხარდაჭერის მიმართ“, – დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა Twitter–ზე.
„ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა თავდაცვის სფეროში ინსტიტუციური რეფორმის გაგრძელების გზით“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და მთავარ პრიორიტეტებს შორის ეფექტიანი შეკავებისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოსთან თავსებადობის ხელშეწყობა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაცია დაასახელა.
თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ „ამ ინიციატივის წარმატება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს, იმისათვის, რომ ჩვენი საერთო მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დავრჩეთ“.
„მინდოდა პირადად ვყოფილიყავი აქ, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. და დასძინა – „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“.
ჟურნალისტის კითხვაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ავღანეთში ნატოს მისიის დასრულების შემდეგ, ოსტინმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანი „ჩვენი პარტნიორობის აღიარებაა“. მისივე თქმით, „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლებლობას ვხედავთ“.
მან ასევე უპასუხა კითხვას 3+3 ინიციატივის შესახებ, რომელიც რუსეთისთვის, თურქეთისთვის, ირანისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის შემოთავაზებულ პლატფორმას წარმოადგენს და განაცხადა, რომ „რუსეთმა, რომელსაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს პატივი უნდა სცეს, სანამ რაიმე ახალ პლატფორმებზე დაიწყებს საუბარს“. თუმცა, მან მოუწოდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომ ერთად იმუშაონ დავების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონში და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-თან „მყარი პარტნიორობა“ საქართველოს სტაბილურ განვითარებას, ასევე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო აშშ-თან თანამშრომლობის ახალ დონეზე იმყოფება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მან და მისმა კოლეგამ საქართველოს სამხედრო ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის ათწლიანი გეგმა განიხილეს.
დღესვე, მოგვიანებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
საქართველოს შემდეგ, ლოიდ ოსტინი რუმინეთს და უკრაინას ეწვევა. 21-22 ოქტომბერს კი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)